logo_geo
„არ გამოვრიცხავ, რომ უწყების 40 ათას თანამშრომელს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც პოლიციელის ღირსებას ჩირქს სცხებენ“
- +

26 დეკემბერი. 2016. 22:06



შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გაზეთ „პრაიმტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განმარტა, რომ ის „ბალასტს" მხოლოდ ისეთ პოლიციელებს უწოდებს, რომლებიც საკუთარი საქციელით შეურაცხყოფენ პოლიციელის მუნდირს. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, იგი არ გამორიცხავს, რომ უწყების 40 ათას თანამშრომელს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც პოლიციელის ღირსებას ჩირქს სცხებენ.


„დიახ, მე ვიხმარე სიტყვა „ბალასტი" და ეს იყო ბორჯომში მომხდარი ინციდენტიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ. ყველამ კარგად იცის და აქამდე ბრალადაც მიყენებენ ხოლმე პერიოდულად, რომ მე ყოველთვის ვიცავ პოლიციელებს. დიახ, მე ვიცავ პოლიციელებს, რადგან ჩემზე კარგად, შესაძლოა, არავინ იცის, რა რთულია ეს პროფესია. მეც ოდესღაც რიგითი გამომძიებელი ვიყავი. არასოდეს არავის მივცემ უფლებას დაუმსახურებლად შეურაცხყოს პოლიციელი და მისი დისკრედიტაცია მოახდინოს. მაგრამ ამის უფლებას არც თავად პოლიციელს მივცემ. 40 ათასი პოლიციელი მუშაობს სისტემაში. არ გამოვრიცხავ, რომ მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ჩირქს სცხებენ პოლიციელის ღირსებას. ასე ერთბაშად, ერთ დღეში, მათი გამოვლენა არ ხდება და ამას არ სჭირდება არანაირი ოპტიმიზაცია. როგორც კი ჩნდება ეჭვი, როგორც კი გვაქვს საქმე ისეთ გადაცდომასთან, რომელიც შეცდომა კი არა, დანაშაულია-ჩვენი რეაგირება არის მყისიერი, უმკაცრესი და ადეკვატური. იცით, რამდენი ადამიანი დაითხოვა გენერალურმა ინსპექციამ ამ ხნის მანძილზე პოლიციელისთვის შეუფერებელი საქციელის გამო? ეს არ ხდება ერთ დღეში, ეს არის მუდმივი პროცესი გადახალისების. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჩემი აზრით, უწყება უნდა დატოვონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც საკუთარი თავი ამოწურეს პოლიციაში, ვინც ვერ უწყობენ ფეხს იმ რეფორმებსა და პროგრესს, რომლისკენაც მივდივართ. ჩვენი მიზანია ვიყოთ მოწინავე პოლიცია რეგიონში",-განაცხადა შს მინისტრმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი