logo_geo
გიორგი მღებრიშვილი: დანაშაულის სტატისტიკის შეფასება შუალედურ მონაცემებზე დაყრდნობით, არასწორია
- +

27 დეკემბერი. 2016. 10:37



შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს ეხმიანება, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს 2016 წელს ქვეყანაში კრიმინალის დონე გაზრდილია. როგორც შს მინისტრმა განაცხადა, შუალედურ მონაცემებზე დაყრდნობით მსგავსი დასკვნების გაკეთება არასწორია და აქვე დასძინა, რომ მძიმე დანაშაულებში საგრძნობი კლებაა. 

 

„სტატისტიკა არ ითვლება მარტივი არითმეტიკული პრინციპით. სტატისტიკას თავისი დათვლის მექანიზმი და პრნციპები აქვს, სწორედ ამიტომ ამუშავებენ სტატისტიკას ანალიტიკოსები. სტატისტიკური მონაცემების მექანიკურად შეკრება დაუშვებელია, რადგან გარდაუვალ ცდომილებას იძლევა.

 

რაც შეეხება კრიმინალის ზრდას, დანაშაულის სტატისტიკის არსებული მონაცემებით, არსებითი ცვლილება არ შეინიშნება, მეტიც - აღსანიშნავია, რომ მძიმე დანაშაულებში საგრძნობი კლებაა. მაგალითად, გასულ წელთან შედარებით, ყაჩაღობის 81 ფაქტით ნაკლებია, ასევე, ძარცვა შემცირებულია 59-ით, მკვლელობის მცდელობა 34 ფაქტით, ხოლო ხულიგნობა 33-ით ნაკლებია. აქვე შევნიშნავ, რომ რიგ დანაშაულთან დაკავშირებით მომატებულია გახსნის მაჩვენებელი.

 

მაგრამ ეს არის შეუალედური მონაცემები, რომელიც არ არის საბოლოო და შესაბამისად, ამ ინფორმაციით აპელირება, მე მაინც ვფიქრობ, რომ არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. დანაშაულის სტატისტიკის შეფასება შუალედურ მონაცემებზე დაყრდნობით, რომ კრიმინალის დონე მომატებულია, ან, პირიქით, დაკლებულია, არასწორია. სტატისტიკა არ ითვლება ციფრების მექანიკური მიმატება-გამოკლებით. შუალედური სტატისტიკა იცვლება ყოველთვიურად, ასევე, კვარტალების მიხედვით და მხოლოდ წლის ბოლოს ვიღებთ რეალურ სურათს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სტატისტიკურ და სხვა მონაცემებზე დაყრდნობით აფასებს სიტუაციას და შესაბამისად, ისახავს სამოქმედო გეგმას.

 

„ბუნებრივია, ჩვენ სამუშაო პროცესში სისტემატურად ვაანალიზებთ და ვაფასებთ ვითარებას, როგორც სტატისტიკაზე დაყრდნობით, ასევე სხვა მონაცემებით, მათ შორის, ყოველთვიურად, რომ გამოიკვეთოს ტენდენციები და აქედან გამომდინარე დავსახოთ სამოქმედო სტრატეგია. მაგალითად, ბოლო პერიოდში გაზრდილია ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი. მაგრამ იცით, რის ხარჯზე? რადგან გაიზარდა მომართვიანობა. ხოლო მომართვიანობა რომ გაზრდილიყო და არც ერთი მსგავსი დანაშაული არ დარჩენილიყო სამართალდამვცველების ყურადღების მიღმა, ამისთვის ჩვენ სოციალური კამპანიაც კი დავიწყეთ - „ძალა ნდობას", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი