logo_geo
თეა გობეჯიშვილი: ვიცოდი, რომ პატარა შეცდომისთვისაც ჩვენ უფრო გაგვაკრიტიკებდნენ, ვიდრე სხვას...
- +

27 დეკემბერი. 2016. 19:58


 

 

„სიმართლე გითხრათ, არ ვიყავი მომხრე, ნიტას პროექტში მონაწილეობისა", - ამბობს გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ქორეოგრაფი და მოცეკვავე თეა გობეჯიშვილი და შვილის, ნიტა ლომიძის შესახებ საუბრობს, რომელიც პროექტში „შენ შეგიძლია ცეკვა" მონაწილეობს.


„ეს პროექტი არის დიდი, ზრდასრული ადამიანებისთვის. მეორეც, ნიტა რამდენიმე ფილმში არის გადაღებული და მისმა გამოჩენამ მაშინაც გაღიზიანება გამოიწვია მაყურებელში... ნიტას პირველი როლი იყო მუსკომედიის თეატრში, სპექტაკლ „მუსიკის ჰანგებში". ძალიან გაუხარდა, როცა დოიმ მთხოვა, ნიტა მინდა ვათამაშოო. ბავშვობიდან უყვარს მაყურებელი, აპლოდისმენტები. ოღონდ ყურადღების ცენტრში ყოფილიყო და ყველაფერს იზამდა. იმდენად ერთობოდა ამ სპექტაკლების მსვლელობის დროს და ისეთი ბედნიერი იყო, მაშინვე ვთქვი, რომ ეს ბავშვი უკვე მოწამლულია სცენის მტვერით- მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა იყო, მთელი მზადება ჰქონდა ყველა სპექტაკლის წინ. უნდა გენახათ, როგორ უვლიდა, აწესრიგებდა თავის კოსტიუმს, ეფერებოდა, აწყობდა, ალაგებდა, შეკრა თავისი პარფიუმერია, მაყიდვინა ათასი ნელსაცხებელი... ნიტა უდიდეს მსახიობებთან ერთად მღეროდა და ეგონა, რომ მღეროდა ისევე, როგორც ეს მსახიობები. არავის დაუვალებია, მაგრამ თავად გადაწყვიტა, რომ უნდა ემღერა. ერთ დღესაც უთხრეს, შენ მიკროფონს არ გიმაგრებთო. ძალიან ეწყინა, არ მოეწონა ეს ამბავი, გაიბუსხა. მერე დოიმ დაუძახა და უთხრა, შენ იმდენად ძლიერი ხმა გაქვს, მიკროფონი არ გჭირდებაო. დაიჯერა. ერთ-ერთ სპექტაკლზე ნატო მეტონიძე შეუძლოდ იყო, სიცხე ჰქონდა. ნიტა მივიდა და უთხრა, შენ გახველებს, იქ მაღალ „დოს" რომ იღებ, თუ გინდა პირი გააღე და მე ავწევ მაგ ნოტსო (იცინის). სპექტაკლის ბოლომდე სჯეროდა, რომ იმ „დოს" თვითონ იღებდა... ხუთი წლის იყო, პირველად ფილმში რომ გადაიღეს. ეს იყო „ანოს და ვანოს თავგადასავალი". მერე იყო „ცელქი ბავშვები", „ლურჯი ფრინველი", მეორე „ცელქი ბავშვები", მესამე „ცელქი ბავშვები". წელს კიდევ გამოვიდა დათო იმედაშვილის ახალი ფილმი, „ვისი სული გსურს", სადაც ნიტასაც აქვს პატარა როლი. ამ ყველაფრის მერე იყო საუბრები, რატომაა ყველგან ნიტა და მე მესმის ამ ადამიანების. ამდენი ფილმიც არ გამოდის, რომ ყველა ბავშვი დაკავდეს. ამიტომაც არ მინდოდა, ამ პროექტში მიეღო მონაწილეობა. ვფიქრობდი, რომ იტყოდნენ, ცნობილი მშობლების შვილია და ამიტომ გადაიყვანესო. ძალიან კარგად უნდა ეჩვენებინა თავისი თავი, რომ ეს არავის ეთქვა. ვიცოდი, რომ პატარა შეცდომისთვისაც ჩვენ უფრო გაგვაკრიტიკებდნენ, ვიდრე სხვას", - ამბობს თეა გობეჯიშვილი. 




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი