logo_geo
ზურა ყიფშიძე: ჰგონიათ, რადგან ეკრანზე ჩანხარ, კარგად ხარ - ასე ნამდვილად არ არის!
- +

28 დეკემბერი. 2016. 12:55


 

მსახიობ ზურა ყიფშიძეს ახალი წლის დღესასწაული არ უყვარს. მან როგორც ჟურნალ „თბილისელებისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, არაფერია სადღესასწაულო მაშინ, როდესაც ბევრ გაჭირვებულ ადამიანს ხედავს ქვეყანაში, რომლებიც სადღესასწაულო სუფრისთვის ინდაურს ბოლო კაპიკებით ყიდულობენ. 


„ახალი წელი, თავის გარეგანი ეფექტებით, ფოიერვერკებით და საჩუქრებით, ბავშვებისთვის საყვარელი დღესასწაულია. მაგრამ, როცა წლებში შედიხარ, სხვანაირად ფიქრობ. პირადად მე, ეს დღესასწაული არ მიყვარს. ჩემ გარშემო როცა ამდენ გამწარებულ და გაგიჟებულ ადამიანს ვხედავ, ბოლო კაპიკებით რომ ყიდულობენ ინდაურს სადღესასწაულო სუფრისთვის, მაშინ, როცა ძალიან უჭირთ და ორი დღის შემდეგ, ინდაური კი არა, შეიძლება საჭმელი საერთოდ აღარ ჰქონდეთ, სადღესასწაულოს ვერაფერს ვხედავ. ადამიანმა ყველაფერი ერთი დღისთვის არ უნდა გააკეთო და საბანი სადამდეც გადაგწვდება, იქამდე უნდა გადაიფარო", - აღნიშნა მსახიობმა.

 

ზურა ყიფშიძე ინტერვიუში თავისი შვილის - ლენუკას განცხადებასაც შეეხო, როდესაც მან მძიმე მატერიალური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.


მიკვირს, რატომ გამოიწვია ამან ასეთი აჟიოტაჟი. ჩვენთან, არც ისე ბევრი გამონაკლისის გარდა, ყველა ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობს. თუმცა, ხალხს ჰგონია, რადგან ეკრანზე ჩანხარ, ესე იგი, კარგად ხარ. არადა, ასე ნამდვილად არ არის. თან, მაშინ, როცა ლენუკას ეს ჰკითხეს, ძალიან ბევრი პრობლემა გვქონდა. სამი ბინა მაქვს გაყიდული: ჩემი, დეიდაჩემების და დედაჩემის. მათი გარდაცვალების შემდეგ, გაგვიჭირდა და სხვა გზა არ გვქონდა. ბევრჯერ ლომბარდშიც მიგვიტანია ნივთები და არ მესმის, რატომ უკვირს ეს ვინმეს. თუმცა, არ ვწუწუნებ, უბრალოდ ფაქტს აღვნიშნავ და არავითარ მოთხოვნებს არ ვაყენებ.

 

25 წლის მანქანა მყავს და დამცინიან, უკვე სირცხვილია ამით სიარულიო. თუმცა, არა მგონია, სწორი იყოს, როცა ადამიანს დიდი ოჯახი გაქვს, შენ მაგარი მანქანით დადიოდე და სანაცვლოდ, ოჯახს ბევრი რამ დააკლო. თან, ჩემი მანქანა, ცოტა შელახული კი არის, მაგრამ კარგად დადის და შემიყვარდა კიდეც. მე, საერთოდ, მანქანებს და ცოლებს ასე ადვილად ვერ ვიცლი", - დასძინა ზურა ყიფშიძემ. 

 

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი