logo_geo
არჩილ თალაკვაძე: კეთილი საქმის კეთებაში ის პატარა ბავშვი მეხმარება, წლების წინ რომ ვიყავი...
- +

29 დეკემბერი. 2016. 17:36


 

 

 

„სიმინდის მარაგი, შეშის დაპობა-დალაგება და ბუხრისთვის ხის დაკოჟრილი ნაჭრების შეგროვება სახალისო იყო", - იხსენებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე.  თალაკვაძე ოზურგეთშია დაბადებულ-გაზრდილი და ჟურნალ „სარკესთან" ბავშვობაზე საუბრობს.


როგორც აღმოჩნდა, მას მეგრულიც კარგად სცოდნია, ხოლო სამეგრელო და ჭკადუაში ბიძის სტუმართმოყვარე სახლი, მისი ბავშვობის განუყოფელ ნაწილადაა ქცეული. 


„ეს იყო ბედნიერი დღეები. ანასეულის ზღაპრული პარკები, თეთრი სახლი კეთილი ადამიანებით, უდარდელი ზაფხულები, კოტე ძიასთან ჭადრაკის თამაში და პირველი გაკვირვება, თუ რატომ შეუძლია ლაზიერს ყველგან მისვლა, როცა მეფე ასე მოკლე ნაბიჯებით დადის. ამდენი გასართობი, მგონი, დისნეი ლენდშიც არ იყო.

 

ზაფხულში სოფელ ლიხაურის მწვანე ლაგუნებში, მდინარე აჭზე დავდიოდით. თევზაობა, ფეხბურთი, ჩოგბურთი, კალათბურთი, ჭალაში მიშვებული ცხენების მოთვინიერება...

 

განსაკუთრებით ტკბილად მახსენდება, ოზურგეთში ნაკვერჩხლები ფერს რომ შეიცვლიდნენ და შემოდგომას ჩემი სახლის ეზოში გემრიელი ხილი და ზამთრისთვის ფრთხილი სამზადისი რომ მოჰქონდა. სიმინდის მარაგი, შეშის დაპობა-დალაგება და ბუხრისთვის ხის დაკოჟრილი ნაჭრების შეგროვება სახალისო იყო.

 

დედულეთშიც - სამეგრელოში, ბევრი დრო მაქვს გატარებული. მეგრულიც კარგად ვიცი. ზუგდიდი, დადიანების სასახლე და ბოტანიკური ბაღი, ბიძაჩემის დიდი, სტუმართმოყვარე ოჯახი და სოფელი ჭკადუაშიც ჩემი ბავშვობის განუყოფელი ნაწილია", - იხსენებს თალაკვაძე.


„სკოლა რომ დავამთავრე, მერე მივხვდი, რომ სიღარიბეს სახლში ყოველდღე მოტანილი პური კი არა, განათლება ამარცხებს. მშობლებს ამის სჯეროდათ", - საუბრობს მშობლებზე არჩილ თალაკვაძე და ამბობს, რომ მათ ბევრი რამ გააკეთეს შვილებისთვის კარგი განათლების მისაღებად.


„ჩემს ჩამოყალიბებაში განუზომლად დიდი წვლილი შეიტანეს მშობლებმა, სპორტმა, მასწავლებლებმა და წიგნების სიყვარულმა. კეთილი საქმის კეთებაში დღესაც ის პატარა ბავშვი მეხმარება, წლების წინ რომ ვიყავი.

 

მამაჩემი, ავთანდილ თალაკვაძე, ინჟინერი და ფერმერია. ჩემთვის ის ყოველთვის სამართლიანობის და კეთილშობილების მაგალითი იქნება და როცა საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება მიწევს, ერთხელ იმასაც ვფიქრობ, მამა როგორ შეაფასებს ამას.

 

დედა, ქეთევან ჯოლოხავა, პედაგოგია. სტუმართმოყვარე, გულთბილი და იდეალისტი ადამიანია. 90-იან წლებში, როცა სიღარიბე ყველას აწუხებდა, დედა იყო ნამდვილი სიმდიდრე და მომავლის იმედი. ბედნიერი ვარ, ჩვენთან ახლოს ცხოვრობენ, შვილიშვილებთან ბევრ დროს ატარებენ. წელიწადში ერთხელ ვახერხებდით ჩასვლას და გადავწყვიტეთ, ჩვენთან ახლოს ყოფილიყვნენ.

 

ჩემმა მშობლებმა ძალიან ბევრი გააკეთეს, რომ ძმებს კარგი განათლება მიგვეღო. სკოლა რომ დავამთავრე, მერე მივხვდი, რომ სიღარიბეს სახლში ყოველდღე მოტანილი პური კი არა, განათლება ამარცხებს. მშობლებს ამის სჯეროდათ. დღეს მეც ამის მჯერა", - იხსენებს თალაკვაძე.

 

თალაკვაძე წინაპრებზე საუბრისას, დიდი ბაბუის ისტორიასაც იხსენებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამერიკაში 1900-იანებში წასული ცნობილი გურული ცხენოსნებიდან ერთ-ერთის შვილთაშვილი გახლავთ.


„წინაპრებისგან საინტერესო მემკვიდრეობა მერგო. ბაბუა, ვლასი თალაკვაძე, სკოლის დირექტორი იყო, ბებია, რუსუდან გვარჯალაძე - ბიბლიოთეკარი. დედის მხრიდან ბაბუა, ამირან ჯოლოხავა, მაშინდელი დროის კაპიტალისტი და თავისი არსით საქმოსანი კაცი იყო. ამის გამო, სულ პრობლემები ჰქონდა. ბებია, კლარა ქირია, რომელიც კულინარიასა და მოდაში კარგად გარკვეული გახლდათ, ამ კაპიტალისტურ ოჯახურ ტრადიციას აძლიერებდა და ამშვენებდა.

 

საინტერესოა ასევე ჩემი დიდი ბაბუის, გიორგი გვარჯალაძის ამბავიც, რომელიც 1900-იან წლებში ამერიკაში იყო სხვა გურულებთან ერთად საჯირითოდ წასული. „ბაფალო ბილის" შოუზე გაკვირვებული უყურებდნენ თურმე ჩოხაში გამოწყობილ გურულ მხედრებს, რომლებიც გაჭენებულ ცხენებს ერთმანეთს უცვლიდნენ და უნაგირზე ისეთ ტრიუკებს აკეთებდნენ, ფიზიკის კანონებთან მთლად შესაბამისობაში რომ არ იყო", - საუბრობს არჩილ თალაკვაძე.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი