logo_geo
მარიამ კუბლაშვილი: რასაც ქმარი ცოლს ეტყვის, ცოლმა იმავეთი არ უნდა უპასუხოს
- +

29 დეკემბერი. 2016. 17:41


 

 

 

 

„ამბობენ, ურთიერთობის დასაწყისში თითქოს აუცილებელია, სირთულეები იყოს. ჩვენ ეს არ გვქონია", - ამბობს ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი და მისი და მეუღლის,  მსახიობ ლევან ხურციას ურთიერთობის შესახებ ჰყვება. ისინი უკვე ორი წელია ერთად არიან, ექვსი თვის წინ კი შვილი - ალექსანდრეც შეეძინათ.

 

 

„ამბობენ, ურთიერთობის დასაწყისში თითქოს აუცილებელია, სირთულეები იყოს. ყველა სტანდარტულად ყვება, რომ რთული პერიოდები ჰქონდათ და გადალახეს. ჩვენ ეს არ გვქონია. მით უმეტეს, ორსულად ვიყავი, მერე ახალშობილი მყავდა, ისე არ გამოვიყურებოდი, როგორც მინდოდა, ფორმები დავკარგე. იმის განწყობა არ მქონდა, რომ ქმართან ერთად სადღაც წავსულიყავი გასართობად, მაგრამ მაინც ყველაფერი კარგად იყო.

 

 

მე და ლევანმა ჩვენი ხასიათების, მდგომარეობის, წარსულის გათვალისწინებით, ერთმანეთზე არჩევანი რომ გავაკეთეთ, სწორად მოვიქეცით. ის, რომ ჩვენ შორის კონფლიქტები არ არის, ალბათ, რაღაც მომენტში ჩემი დამსახურებაცაა, რადგან უკონფლიქტო ადამიანი ვარ. შეიძლება რაღაც მეწყინოს, მაგრამ არასდროს ვიწყებ კონფლიქტს. რაღაც თუ ცუდად გავაკეთე ან შემეშალა და ვიცი, რომ ამაზე ლევანი გაბრაზდება, არ ავყვები. გაბრაზებული თუ არის, ვჩუმდები.

 

 

ლევანსაც ძალიან დიდი დადებითი თვისება აქვს - თავის დანაშაულს ხვდება ხოლმე. ამისთვის რამდენიმე საათი სჭირდება, მერე მოვა და გეტყვის, რომ შეცდა. ის როდესაც გაბრაზებულია და ამ დროს მე ავყვე, კონფლიქტი გარდაუვალი იქნება. ალბათ, ჩემი ჩეჩნური ხასიათი, იქაური განწყობა, რომ ქალს მაინც ცოტა ნაკლებად აქვს სიტყვის უფლება, სისხლში მაქვს. იმ ხალხში ვარ გაზრდილი, ამიტომ მგონია, რომ რასაც ქმარი ცოლს ეტყვის, ცოლმა იმავეთი არ უნდა უპასუხოს.

 

 

ეს იმას არ ნიშნავს, რომ, როგორც ქალი, დაკნინებული ვარ. თავშეკავებულობა, სიტყვის, ტონის მოზომვა ცოლს აუცილებლად ევალება, ისევე როგორც ქმარს. აქ ნამდვილად არ ვგულისხმობ იმას, როცა ქმარი ცოლს შეურაცხყოფას აყენებს, მის თავმოყვარეობაზე მოქმედებს. ქალმა ის ამ დონემდე არც უნდა მიიყვანოს. გაბრაზება როცა გადაუვლის, მერე შეგიძლია ძალიან მშვიდად უთხრა, რომ რაღაც გეწყინა. ეს უფრო ცივილურია, ვიდრე კონფლიქტში ჩაბმა", - ამბობს ინტერვიუში მარიამ კუბლაშვილი.  

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი