logo_geo
„ბიუჯეტი 14 მილიონით შეგვიმცირდა, მაგრამ ეს თანამშრომლების სამსახურიდან გაშვებაზე არ აისახება“
- +

29 დეკემბერი. 2016. 20:35


 

 

„მინდა, საქართველოს მთავრობას მადლობა გადავუხადო იმის გამო, რომ მართალია, ბიუჯეტი შეგვიმცირდა", - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა 2030-ის ეთერში განაცხადა. როგორც კახიშვილმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების უწყების ბიუჯეტის ოპტიმიზაცია საკადრო პოლიტიკაზე არ აისახება. მისი თქმით, სამინისტროს ბიუჯეტი 14 მლნ-ით შემცირდა, თუმცა, მთავრობის მოთხოვნა საკადრო რესურსის ხარჯზე ბიუჯეტის ოპტიმიზაცია არ ყოფილა.   


„მინდა, საქართველოს მთავრობას მადლობა გადავუხადო იმის გამო, რომ მართალია, ბიუჯეტი შეგვიმცირდა, მაგრამ ეს მოთხოვნა არ იყო, რომ ბიუჯეტის ოპტიმიზაცია მაინცდამაინც საკადრო რესურსზე გადასულიყო. რა თქმა უნდა, რაღაც ტიპის ხარჯვაზე უარს ვიტყვით, რადგან ბიუჯეტი 14 მილიონით შეგვიმცირდა, მაგრამ ეს თანამშრომლების სამსახურიდან გაშვებაზე არ აისახება. ჩემი თანამშრომლების გასაგონადაც მინდა ვთქვა, რომ მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ. მთავარია, კეთილსინდისიერად იმუშაონ ", - განაცხადა კახა კახიშვილმა.     სასჯელაღსრულების მინისტრმა მიმდინარე წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ "2016 წელი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში ძალიან მასშტაბური წელი იყო".     კახა კახიშვილის თქმით, უწყებამ 2016 წლის განმავლობაში "მნიშვნელოვანი რეგულაციები" მიიღო, რომელთა ინცირებაც პარლამენტში უახლოეს დღეებში მოხდება.      "მისი მიღების შემთხვევაში, პენიტენციურ დაწესებულებებში უფლებრივი საკითხები ძალიან გაღრმავდება. ვცდილობთ, შევქმნათ სისტემა, რომლის მართვაც ერთი ადამიანის ნებაზე და ხასიათზე დამოკიდებული არ იქნება. უახლოეს პერიოდში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში ძალიან ბევრი სიახლე დაინერგება.... იყო დრო, როცა ციხეებში დებულებებიც კი არ არსებობდა, რა უნდა გაეკეთებინა ციხის დირექტორს, რეჟიმის ინსპექტორს თუ ლოჯისტიკის სამსახურის მრჩეველს. ეს ყველაფერი, დღეს დადოკუმენტირებულია და ხელმძღვანელობა ცდილობს, სისტემა მყარ ლიანდაგებზე დააყენოს. სისტემის ძირითადი პრობლემები კი, ინფრასტრუქტურულ პროექტებთანაა დაკავშირებული", - განაცხადა კახიშვილმა


კახიშვილმა ასევე განაცხდა, რომ უწყების ხელმძღვნელობის ხედვა ევროპის მსგავს პატარა ციხეებზე გადასვლაა.    


„ზოგიერთ დაწესებულებაში 2400-ზე მეტი ადამიანია და ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში მართვის პრობლემა უფრო მწვავედ დგას. მართალია, პატარა დაწესებულებებზე გადასვლას ვგეგმავთ, მაგრამ ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ერთი ევროპული სტანდარტის ციხის მშენებლობა 30 მილიონ ევროზე მეტი ჯდება და ამიტომ, ეს პრიორიტეტი წლებზეა გაწერილი", - აღნიშნა კახა კახიშვილმა


 

big_banner
არქივი