logo_geo
მიხეილ ჯანელიძე: ადამიანთა უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება
- +

30 დეკემბერი. 2016. 18:19


 

„მთავრობის პრიორიტეტი და მთავარი ამოცანა ქვეყნის თავისუფლება, სწრაფი განვითარება და კეთილდღეობაა. 2016 წლის განმავლობაში მთავრობამ აქტიური დიპლომატიის მეშვეობით უზრუნველყო ეს პრიორიტეტები", - ამ სიტყვებით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხელ ჯანელიძემ მედიის წარმომადგენლებს სამუშაო შეხვედრაზე, სადაც 2016 წელი შეაჯამა.


მისი თქმით, საგარეო პოლიტიკა რამდენიმე ძირითად პრიორიტეტზეა დაფუძნებული, როგორიცაა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება, ტერიტორიების დეოკუპაცია, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ორმხრივი კავშირების გაღრმავება და განვითარება, ეკონომიკური და კულტურული დიპლომატია.


მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, 2016 წელი ქართული დპლომატიისთვის წარმატებული აღმოჩნდა. მისივე თქმით, ეს წელი ისტორიაში შევა, როგორც ახალი ეტაპი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში.

 

„როგორც მოგეხსენებათ, ივლისში ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება. ევროინტეგრაცია - ეს ჩვენი მომავალია, ჩვენი ქვეყნის თავისუფლების უზრუნველყოფისა და კეთილდღობის გარანტი, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირების საწინდარი. ამ კუთხით, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკას. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ არის პროგრესი ძირითად საკითხებზე, მაინც ხდება საერთაშორისო პარტნიორების მაქსიმალური მობილიზება ამ საკითხების გადაჭრის მიმართულებით. სამწუხაროდ, რუსეთის დესტრუქციული მონაწილეობა ამ ფორმატში ჯერ მიღწეული არ არის, თუმცა, დისკუსიების ფორმატიდან დიალოგის რეჟიმში გადაყვანა შევძელით. შესაბამისად, საკმაოდ აქტიური ნაბიჯების შედეგად, შევძელით აღგვედგინა გალის ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში ამოქმედდა", - განაცხადა ჯანელიძემ.


მისივე თქმით, მიმდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოს საკითხის აქტიურად დაყენებისა და განხილვის პროცესი.


ჯანელიძეს განცხადებით, საქართველოსა და რუსეთის კონფლიქტი და მისი შედეგები ასახულია საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მიღებულ დოკუმენტებში, ამიტომაც რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანთა უფლებების დარღვევაზე.


 

big_banner
არქივი