logo_geo
დალაი ლამა: ჩემთან ერთი ტიპი მოვიდა, „დავაი“, ლამა, ბუკლეტების ფულიო!
- +

8 ივნისი. 2018. 21:58

 

 

როგორც უკვე იცით, ამ დღეებში საქართველოს ჭეშმარიტი მამულიშვილი ზვიად (ღენტორ) კუპრავა მოსახლეობის თხოვნით ტიბეტის პლატოს ეწვია. რასაკვირველია, დედამიწის ყველაზე მაღალ რეგიონში ასვლა არ გახლდათ ადვილი ამბავი, მაგრამ ბატონ ღენტორს ერთი წუთითაც არ დაუხევია უკან, როდესაც მამულს უჭირს, რას მიქვია დრო, სიმაღლე და ცუდი გზები? მან საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა: ცხრა ლახვარი რომ ჩამარტყან ცხრაჯერ გულში, მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მაგრად ვიღრიალებო და გაუდგა გზას ტიბეტის ლიდერთან, დალაი ლამასთან შესახვედრად.

 

ისე, კაცმა რომ იკითხოს, რატომ მაინც და მაინც დალაი ლამასთან? იმიტომ, რომ ის არის იშინ ნორბუ, ანუ სურვილების ასრულების მჭედელი. თუმცა რაღა მჭედელი? საქართველოდან მისული ღენტორი კი მიიღო სალაპარაკოდ, მაგრამ იმავე დღეს ასეთი ცუდი განცხადება გაავრცელა:

 

დალაი ლამა: „ორი დღის წინ ჩემთან ერთი გაქუცული ტიპი მოვიდა, თავი შავ-თეთრ ტელევიზორს მიუგავდა, თან აქიცინებდა, უცნაურად იკრიჭებოდა, პერიოდულად ტუჩებს პრუწავდა და ცხვირში თითს იყოფდა. ვკითხე - ვინ ხარ, რა ჯიშის, რა გინდა-მეთქი? "დავაი", ლამა, ბუკლეტების ფულიო. ამ ხნის კაცი ვარ და ეგეთი დარტყმული არავინ მინახავს. ჩვენებური სეანსი ჩავუტარეთ და გავუშვით".

 

ოოოო... ძალიან სამწუხარო ამბავია, ძალიან სამწუხარო, თვით დალაი ლამამაც კი ვერ ამოიცნო ჭეშმარიტი მამულიშვილი, რომელიც სამშობლოს სიყვარულით გახლავთ გამოშტერებული. მერე რა, თუ შავ-თეთრ "რეკორდს" მიუგავდა თავი, მერე რა, თუ უცნაურად იკრიჭებოდა და ტუჩებსაც პრუწავდა, განა იოლია ამხელა საპროტესტო აქციის აგორება და მამულიშვილთა ქუჩაში გამოყვანა? რა, ბატონო ლამავ, თქვენ ისიც არ გინდათ, რომ ამ ადამიანმა ცხვირში თითი შეიყოს? ოჰ, სხვაგან რომ არ იყოფს, არ გიკვირთ?!

 

არაუშავს, ბატონმა ღენტორმა მაინც ჩამოგვიტანა ბუკლეტების ფული, დაბეჭდა კიდევაც და სამეგრელოში არიგებს კიდევაც. მას შემდეგ, რაც ტიბეტის პლატოზე უარი უთხრეს სათანადო დაფინანსებაზე, ის გაემგზავრა მიხეილ ლამასთან, სადაც არა მხოლოდ ფული მიიღო, ჭკუაზე დარიგებებიც. სხვათა შორის, მიხეილ ლამას სულაც არ გაჰკვირვებია, რომ ბატონი ღენტორი თავს აქიცინებს და უცნაურად იკრიჭება, რადგან თვით ამ ლამასაც სჭირს ხოლმე ასეთი კეთილშობილური წიკები.

 

ასე რომ, ღენტორის მოგზაურობამ ლამებთან მაინც მოიტანა შედეგი და მას აუცილებლად ეკუთვნის ბატის სკლინტის მედალი მხედრული მამაცობისთვის. აეგრე!

 

აბრაკა დაბრაკაშვილი

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი