logo_geo
გოგა ჩანადირი: მინდა, ქართული პროდუქტის ყიდვა მოდური გახდეს!
- +

14 იანვარი. 2017. 11:30


 

„უხარისხო და კარგი პროდუქტი ყველა ქვეყანაშია და რადგან კარგიც არის ქართული პროდუქტი, მოდი, ქართული ვიყიდოთ", - აღნიშნა ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა. ამჟამად ის რამდენიმე საინტერესო და მნიშვნელოვან აქციაშია ჩართული. მათ შორის კი, ერთ-ერთი გახლავთ აქცია „ვყიდულობთ ქართულს". აღნიშნულ აქციას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისგანაც.


„როდესაც ფეისბუქაქცია „ვიყიდოთ ქართული" დავაანონსე, ეს გაიგო „კარ ჯის" წარმომადგენელმა, ტარიელ ზივზივაძემ და შეხვედრა მთხოვა. აღმოჩნდა, რომ ის უკვე დიდი ხანია ასეთ აქციებს ატარებს. შევპირდი, გვერდით დავუდგებოდი და უფრო მეტ ადამიანს ვათქმევინებდით, მერე რა, რომ ქართულია, ეს ცუდს სულაც არ ნიშნავს-თქო.

 

უხარისხო და კარგი პროდუქტი ყველა ქვეყანაშია და რადგან კარგიც არის ქართული პროდუქტი, მოდი, ქართული ვიყიდოთ. მინდა, ქართული პროდუქტის ყიდვა მოდური გახდეს და როცა ოჯახში ქართულ შოკოლადს მიიტან, არ ითვლებოდეს, რომ ეს მომჭირნეობის გამო გააკეთე.

 

ერთ-ერთი ქართული შოკოლადის ქარხანაში 300-მდე ადამიანი მუშაობს, რომელთა დიდი ნაწილი დევნილია და ისინი რომ ხელფასს აიღებენ, საშუალება ექნებათ, ღობე გაამაგრონ, ჭერი გააკეთონ, შვილს განათლება მისცენ, თბილად ჩააცვან...

 

არ ვამბობ, რომ იმპორტზე უარი უნდა ვთქვათ, მაგრამ არც ამხელა სხვაობა უნდა იყოს ექსპორტსა და იმპორტს შორის და ამის გამო საფრთხის ქვეშ იდგეს ქვეყნის ეკონომიკა და სასურსათო უსაფრთხოება.

 

არ შეიძლება სულ გეშინოდეს, რომ გამოხტება რომელიღაც ქვეყანა, რომელიც ემბარგოს დაგიწესებს, სურსათს აღარ მოგაწვდის და შიმშილი დაიწყება. ქვეყნიდან, როდესაც დოლარის სახით დიდი თანხა აღარ გადის, ლარზე ზემოქმედებაც იკლებს. როცა დოლარები აღარ წავა უცხოეთში, აღარც ეს პრობლემა იქნება", - აღნიშნა გოგა ჩანადირმა.  


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი