logo_geo
რატომ მიუსაჯეს ასლან აბაშიძეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა?!
- +

25 იანვარი. 2017. 00:23



2016 წლის 11 აგვისტოს აჭარის მთავრობის ყოფილ მეთაურს, ასლან აბაშიძეს ბათუმის საქალაქო სასმართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ სასჯელისთვის განკუთვნილი ბრალდებები ასე გამოიყურება: ნოდარ იმნაძის მკვლელობა გადაკვალიფიცირდა და აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადამეტებისთვის 2,5-წლიანი პატიმრობა განესაზღვრა. ასევე, აბაშიძეს მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის სასამართლომ 100 ათასი ლარის გადახდა დააკისრა, ხოლო 30 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა მისი მმართველობის პერიოდში დაპატიმრებული თენგიზ ასანიძისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. რაც მთავარია, აჭარის ყოფილი ლომი დამნაშავედ ცნეს ჩოლოქის ხიდის აფეთქებისა და უკანონო ბანდფორმირებების შექმნის ნაწილში. მოკლედ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ასლან აბაშიძე არის მკვლელი, ტერორისტი და მეტად საშიში კრიმინალი. რა ხდება და რასთან გვაქვს საქმე? ამაზე ასლან აბაშიძის ყოფილი პრესმდივანი,  თამაზ ბაკურიძე „ალიასთან" საუბრობს:


- მართალია, მე ვიყავი აბაშიძის პრესმდივანი, მაგრამ ვერავინ დამადანაშაულებს მიკერძოებაში, რადგან ჩემს წინააღმდეგ სწორედ ბატონმა ასლანმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე და შემდეგ ამის საფუძველზე დამაპატიმრა სააკაშვილმა. ამიტომ ვიტყვი სრულ სიმართლეს: ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის "ნაცმოძრაობის" გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" ეგიდით. დავით მამისეიშვილი, რომელმაც ეს გადაწყვეტილება გამოიტანა, "ნაცების" დროს იყო მოსამართლე, ხოლო ახლა არის სასამართლოს თავმჯდომარე. ამ ადამიანმა განაცხადა, არაფერს ვნანობ, რაც სააკაშვილის მმართველობის დროს გავაკეთე, ისევ იმას გავაკეთებო. კაცი თავადვე აღიარებს, მე "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელი ვარ და რაც წლების განმავლობაში ვაკეთე, ასევე გავაგრძელებო. მისთვის არაფერია, უდანაშაულო ადამიანებს რომ იჭერდნენ და მოსამართლეები იყვნენ პროკურატურის, ანუ ხელისუფლების მსახურნი. შეიძლება ასლან აბაშიძე ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს, ხშირად იძახიან, რუსეთის აგენტი იყოო, მაგრამ ერთი რამ ცხადია, მას არაფერი გაუყიდია 1 ლარას და არც არაფერი გაუჩუქებია. რაც არ უნდა თქვან, დღეს აბაშიძეს უფრო მეტი მომხრე ჰყავს აჭარაში, ვიდრე ლევან ვარშალომიძეს, არჩილ ხაბაძეს და პატარაძეს ერთად აღებულს. რაც მთავარია, ასლანმა აჭარა არ მიჰყიდა არც რუსებს და არც თურქებს! როდესაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ თქვა, აჭარა გავათავისუფლეთო. აჭარა კი არ გაათავისუფლეს, ის წაართვეს აჭარლებს!

 

-თამაზ, კონკრეტულ ბრალდებებზე ვისაუბროთ, რა ბანდფორმირებები უნდა შეექმნა ასლან აბაშიძეს, როცა ძალაუფლება თვითონ ჰქონდა?

 

- ეს აბსურდია, არავითარი ბანდფორმირებები არ შეუქმნია, ყველა სტრუქტურა იყო შექმნილი ოფიციალურად, ზოგი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, ზოგი კიდევ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში. ეს სასაცილოა, რომელ ბანდფორმირებებზეა ლაპარაკი? სხვათა შორის, იმ პერიოდში სააკაშვილი ვლადიმერ პუტინს დღეში რამოდენიმეჯერ ურეკავდა და უმტკიცებდა, თქვენ ოღონდ ასლან აბაშიძე წაიყვანეთ, ამაში ხელი შემიწყეთ და რუსულ ჯარს ისევ შემოგაყვანინებთ, ანტიტერორისტული ცენტრი დავარქვათო. შემდეგ სააკაშვილმა გადააგდო პუტინი. მეორე დაპირება კი იყო ასეთი: მე აბაშიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს არ აღვძრავ, ასევე გავუშვებ მის უახლოეს გარემოცვასო. ასე იხვეწებოდა და იმუდარებოდა სააკაშვილი, მაგრამ მერე გააკეთა სრულიად საწინააღმდეგო. მე ყველას შევახსენებ მის ბოლო შეხვედრას პუტინთან პეტერბურგში, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ღიად თქვა, სააკაშვილმა პირობა არ შეასრულაო. აქედან კი იყო პასუხი: მოსკოვი არ უნდა გახდეს კრიმინალების თავშესაფარი, ასლან აბაშიძე კრიმინალიაო. სხვათა შორის, ძალიან ბევრ ყოფილ თანამდებობის პირს ჰქონდა იგივე ბრალდებები წაყენებული, თუნდაც რომან დუმბაძე გავიხსენოთ. იყო ლაპარაკი ტერორისტულ დაჯგუფებებზე, რაღაც ბანდფორმირებებზე და ასე შემდეგ. ეს არის სააკაშვილის პროკურორების მიერ შეთხზული ჭორები და ასეთივე გადაწყვეტილება გამოიტანა სააკაშვილის დღევანდელმა მოსამართლემ!


- ნოდარ იმნაძის საქმეც რაღაც უცნაურადაა განმარტებული - აუცილებელი მოგერიება, მაგრამ გადამეტება.

 

- შენ რომ კაბინეტში ავტომატით ვინმე შემოგივარდეს, რომელიც მთვრალია და ისვრის, შენ რას გააკეთებ, მაგიდის ქვეშ შეძვრები, ემანდ არ გადავამეტოო? ნოდარ იმნაძის ქალიშვილი უკმაყოფილო დარჩა ამ გადაწყვეტილებით, აბაშიძემ დიდი ფული გადაიხადაო. ვინ, ვინ და იმნაძის ქალიშვილმა ყველაზე კარგად იცის, რაც მოხდა - მამამისი მიდიოდა თბილისში, დაურეკეს, მოაბრუნეს, ნასვამი იყო და ავტომატით შეუვარდა აბაშიძეს. კი, შვილისთვის ეს თემა მტკივნეულია, მაგრამ ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და იმ ადამიანებმა მოინანიონ, რომლებმაც იმნაძე თბილისისკენ მიმავალი გზიდან მოაბრუნეს და გააბოროტეს. ამ ფაქტს ესწრებოდა ორი ადამიანი, ერთი უკვე გარდაიცვალა, მეორე ცოცხალია - მურმან ომანიძე, შეუძლიათ დაკითხონ. თუმცა როგორც მე ვიცი, კაბინეტში სამი ადამიანი შემთხვევით გადარჩა, იმნაძე უმისამართოდ ისროდა. რაც შეეხება თენგის ასანიძეს, აქ არის ლაპარაკი, რამდენად ობიექტურად ჰყავდა აბაშიძეს დაკავებული თავის დროზე. ვარდების რევოლუციამდე სააკაშვილმა ეს თემა ძალიან კარგად გამოიყენა, ასანიძე გახადეს სავაჭრო საგანი აბაშიძესთან. როცა სააკაშვილმა გაინაღდა თავისი, აღარც მას გახსენებია, ახლა ამოტოვტივდა კიდევ, 30 ათასი ლარი უნდა გადაუხადონ. აქ საუბარია ჩოლოქის ხიდის აფეთქებაზეც... ეს ხიდი ააფეთქა სააკაშვილის გარემოცვამ, დაგეგმა ირაკლი ოქრუაშვილმა. აჭარის მოვლენების დროს სააკაშვილი ვერ შემოვიდა ქობულეთში, ვერ მოიპოვა ქობულეთელების მხარდაჭერა. ამიტომ, შეიკრიბნენ და მოიფიქრეს ჩოლოქის ხიდის აფეთქება. ვინაიდან ისინი ვერ მიუახლოვდებოდნენ ხიდს, გამოძებნეს მოღალატეები ასლან აბაშიძის გარემოცვაში. ერთ-ერთი ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანი, რომელიც იმ ტერიტორიას კურირებდა, ჩავიდა ჩოლოქში, განაცხადა, ეს არის ასლანის დავალებაო და ვერავინ ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა. ეს ადამიანი შემდგომში გადავიდა სააკაშვილის მხარეს და აღარასოდეს დაბრუნებულა აჭარაში, საერთოდ გაქრა. მოგვიანებით აბაშიძემ ხიდის აფეთქება საკუთარ თავზე აიღო, ის ვერ იტყოდა, იმდენად დავსუსტდი, რომ ცხვირწინ ხიდებს მიფეთქებენ, სიტუაციას ვეღარ ვაკონტროლებო. ამას ამყარებს ისიც, რომ სააკაშვილმა სპეციალურად დაამონტაჟებინა კამერები და ყველაფერი გადააღებინა. კადრები არც კი მოძრაობს, ძალიან კარგადაა წინასწარ დამონტაჟებული. სამწუხაროა, რომ ასლან აბაშიძემ ვერ გათვალა ყველაფერი, პოლიტიკურ ინტრიგებში გაება და საქმე მივიდა აქამდე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი