logo_geo
ელდერ შენგელაია: ცხოვრებაში მთავარი სავარძელი კი არა, სიყვარულია!
- +

27 იანვარი. 2017. 00:09


 

„ფილმში დაკავებული არიან: ნიკა თავაძე, ნინელი ჭანკვეტაძე, ნანა შონია და სხვები. ფილმი ძალაუფლებაზეა. მუდმივი თემაა, რომ ადამიანი მიილტვის ძალაუფლებისკენ, ეს კი ხანდახან მთავრდება იმით, რომ ძალაუფლების მაძიებელი სიკეთეს თესავს. ადამიანი საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს, მაგრამ ზოგჯერ ხდება მისი გარდასახვა და ბოლოს და ბოლოს, ხვდება, რომ ცხოვრებაში მთავარი სავარძელი კი არა, სიყვარულია", - ამის შესახებ რეჟისორმა ელდერ შენგელაიამ თავის სახალ ფილმთან დაკავშირებით ჟურნალ „გზის" ინტერვიუში ისაუბრა. „სავარძელი" - ასე ჰქვია შენგელაიას ახალ ნამუშევარს. რეჟისორმა ინტერვიუში შემოქმედების გარდა თავის ცხოვრებაზეც ისაუბრა. ასევე შეგახსენებთ, რომ ელდარ შენგელაიას 26 იანვარს 84 წელი შეუსრულდა.


- თქვენს შემოქმედებაში ვინ მიგაჩნიათ ყველაზე საინტერესო, კარგად გამოძერწილ პერსონაჟად?

 

- ჩემს ორი ფილმში საინტერესო სახეები შექმნა ვასილ ჩხაიძემ, ესენია: პიპინია და ქრისტეფორე. ასევე, მომწონს და მიყვარს - გურამ ლორთქიფანიძე. ბატონ ვასოს გურიის სოფელ აცანაში მივაგნეთ. აკაკი დობორჯგინიძემ მიმასწავლა, მასთან როგორ მივსულიყავით და ბავშვებმა მიგვიყვანეს მის ძალიან უცნაურ სახლთან. ლორთქია შევუშვი, გამოიყვანე-მეთქი. როგორც ფილმშია, სწორედ ისეთი ჩაცმული გამოვიდა. შევხედე თუ არა, მივხვდი, რომ ის იყო პიპინია.


- დაასახელეთ ადამიანი, რომელიც მონაპოვარია თქვენთვის და აზრს აძლევს თქვენს ცხოვრებას...

 

- გარკვეულწილად, ჩემთვის მონაპოვარი იყო რეზო გაბრიაძე, რეზო ჭეიშვილი და ჩემი მეუღლეც - ნელი. ნელი მედეა ჩახავას დაბადების დღეზე გავიცანი. გავისაუბრეთ. მკითხა: თქვენ ნარდს თამაშობთო? - კი-მეთქი. - მოდით ჩემს სახლში და ვითამაშოთო. მართლაც მივედი და, პირველ დღეს დავტოვე 25 მანეთი, მეორე დღეს - 15... მერე ვუთხარი: ამდენი ფულის დატოვებას, ბარემ, ცოლად წამომყევი-მეთქი. შედგა ჩვენი ქორწილი. მაშინ ისეთი დრო იყო, ეკლესიაში ვერ წავიდოდით. გურამ პატარაიას სახლში ჰქონდა ფრესკები. ჰოდა, ბატონმა გურამმა შინ მოიყვანა მღვდელი და იქ დავიწერეთ ჯვარი. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს ცხოვრებაში.


- გაიხსენეთ სიტყვები, რომელსაც გონებაში ხშირად უმეორებთ საკუთარ თავს.

 

- ეს დედაჩემის ხელით გაკეთებული მინაწერია წიგნზე, სადაც მეუბნება: მთელი ცხოვრების განმავლობაში იფიქრე იმაზე, რომ დაეხმარო მას, ვისაც ეს სჭირდება. თუ ამას გააკეთებ, ბედნიერი იქნებიო. ვცდილობ, ვიცხოვრო ამ პრინციპით. ...


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი