logo_geo
„Check in Georgia“-დან მიღებული მოგების სოლიდური ნაწილი ინფრასტრუქტურის განვითარებას ხმარდება
- +

31 იანვარი. 2017. 17:39


 

 

„Check in Georgia"-დან მიღებული მოგების სოლიდური ნაწილი - 21,277 მლნ ლარი წელს ინფრასტრუქტურის განვითარებას ხმარდება", - ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი" წერს.


ამ ფულით საქართველოს მასშტაბით ხდება სხვადასხვა შენობების შეკეთება-გარემონტება, სულ საუბარია 21 შენობაზე, მათ შორისაა: რუსთაველის თეატრი, თოჯინების თეატრი, ეროვნული მუზეუმი, ეროვნული მუსიკალური ცენტრი და სხვა.


ეს იმისთვის, რომ უკვე წელს „Check in Georgia" კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს და რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია მოიზიდოს, რაც შეიძლება მეტი ტურისტი შემოიყვანოს, რაც შეიძლება მეტ ადგილობრივ ხელოვანს მისცეს პერსპექტივა, გამოავლინოს საკუთარი თავი, შეიძინოს საჭირო კონტაქტები და კიდევ უფრო განავითაროს ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.


„Check in Georgia"-მ პირველი ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ სამომავლოდ ქვეყნის ბრენდად იქცეს. საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოხვდა. მასშტაბური კონცერტების დროს ბილეთების ნახვა 108 ქვეყნიდან განხორციელდა (მსოფლიოში სულ 197 ქვეყანაა). განხორციელდა 55 ტრანზაქცია სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის, ამერიკიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა.


„Check in Georgia" პროექტზე გაკეთებულ სარეკლამო რეკლამას საზღვარგარეთ 305 მილიონი ნახვა ჰქონდა.


„Check in Georgia"-ს დროს ტურისტების რაოდენობა თითქმის 20%-ით გაიზარდა.


„Check in Georgia"-ს ფარგლებში განხორციელდა 487 ღონისძიება. მაყურებლების რაოდენობამ ნახევარ მილიონს მიაღწია, პროექტში 3 600 ადამიანი მონაწილეობდა.


„Check in Georgia"-ს ფარგლებში მაქსიმალურად დაიტვირთა ადგილობრივი ინფრასტრუქტურა - კაფეები, რესტორნები, სასტუმროები. პროექტის ფარგლებში ხელი შეეწყოთ ადგილობრივ მეწარმეებსა და კერძო ბიზნესს.


„პრაიმტაიმმა" ბათუმსა თუ ქუთაისში რამდენიმე სასტუმროს წარმომადგენელი გამოკითხა. მათ დაადასტურეს, რომ პროექტმა სერიოზული მოგება მოუტანათ, რომელიც ისევ სასტუმროს გაფართოებასა და განვითარებაში ჩადეს:


მურთაზ ჯოლოხავა, ანაკლიის სასტუმრო „Palm Beach"-ის გენერალური მენეჯერი: რა თქმა უნდა, შემოსავალიც ორმაგად დიდი იყო, თანხა კი სრულად მოხმარდა სასტუმროს განვითარებას და წელს უფრო უკეთესი პირობებით დავხვდებით დამსვენებლებს. უცხოელი თუ შიდა ტურისტების დიდი ნაკადი იყო და ცუდი არ იქნება, თუ წელსაც ჩატარდება მსგავსი ტიპის ღონისძიება.


ზურა ჩარკვიანი, ქუთაისში სასტუმრო „ძველი ქალაქის" მეპატრონე: სასტუმროს უფრო მეტი სტუმარი ჰყავდა, ვიდრე ოდესმე ჰყოლია. იყო მოგება, თუმცა, მოგების ძირითადი თანხა მაინც სასტუმროს ხარჯებს მოხმარდა. მომხრე ვარ და დიდი სურვილი მაქვს, რომ „Check in georgia"-მ კიდევ ჩაატაროს კონცერტები ქუთაისში და, ზოგადად, საქართველოში.


„ასე რომ, ასეთი ფესტივალები ავითარებს ადგილობრივ ინფრასტრუქტურას, ხელს უწყობს კერძო ბიზნესის განვითარებას. შემთხვევითი არ არის, რომ ყველა ქვეყანა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ფესტივალი გამართოს თავის რეგიონში, რათა რაც შეიძლება მეტი ტურისტი მოიზიდოს და რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია მოიპოვოს. თუმცა, პირველი ნაბიჯები, როგორც წესი, მოგებას არ იძლევა. ამიტომაც ცდილობენ, ტრადიციად აქციონ ფესტივალი, მეტად მოუპოვონ პოპულარობა და პრესტიჟი, რათა ბიზნესმენები და ტურისტები დააინტერესონ", - წერს „პრაიმტაიმი".



 

big_banner
არქივი