logo_geo
ლაშა ნაცვლიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა" ახდენს უპრეცედენტო შეტევას სასამართლო ხელისუფლებაზე!
- +

7 თებერვალი. 2017. 16:53


 

„დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, „ნაციონალური მოძრაობა" ახდენენ უპრეცედენტო შეტევას სასამართლო ხელისუფლებაზე", - ამის შესახებ მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „tv-პირველის" ეთერში მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.


ნაცვლიშვილის აზრით, ის 3 მილიონი, რომელიც ნიკა გვარამიასა და ზურაბ ადეიშვილის საუბრის აუდიოჩანაწერშია ნახსენები, მოსამართლე ალავიძისა და ქათამაძის მოსყიდვისთვის არის გამიზნული, რათა მათ „რუსთავი 2"-ის საქმეზე ისეთი განაჩენი გამოიტანონ, როგორიც მიხეილ სააკაშვილს უნდა.


„თუ გახსოვთ, 3-წლიანი პაუზის შემდეგ მე დავბრუნდი საჯარო სივრცეში ერთადერთი მიზნით და მიზეზით, რომ მიმდინარეობდა ფრონტალური შეტევა კონსტიტუციურ წესრიგზე. საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილი, პაპუაშვილი და გვარამია ახდენდნენ საკონსტიტუციო გადატრიალებას. მიმდინარეობდა ზეწოლა მოსამართლეებზე და მინდა, რომ ეს პროცესი, ახლა რაც  ხდება, დაინახოთ ერთობლიობაში. ის შემოტევა სამოქალაქო მშვიდობასა და კონსტიტუციურ წესრიგზე საქართველოს მოქალაქეებმა და მისმა ხელისუფლებამ მოიგერია. გაგახსენებთ, როდესაც ზუსტად „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებული სამოქალაქო კოდექსის ის მუხლი, რომელიც არაკეთილსინდისიერი გარიგების არაკონსტიტუციურად ცნობას ითვალისწინებდა, ზუსტად ამისკენ ილტვოდნენ. მაშინ იყო უპრეცედენტო ზეწოლა მოსამართლეებზე. საერთოდ ზეწოლა, შანტაჟი, მოსყიდვა - ეს ხომ ამათი სტილია. დღესაც იგივე გრძელდება. დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, „ნაციონალური მოძრაობა" ახდენენ უპრეცედენტო შეტევას სასამართლო ხელისუფლებაზე. ისინი ეწევიან მოსამართლეების მოსყიდვას, ხოლო ისინი, ვინც ვერ მოისყიდეს, მათ მიმართ მიმდინარეობს მორალური ტერორის პოლიტიკა - დაშინება, დისკრედიტაცია და შეურაცხყოფა. ამის ნათელი მაგალითია ნაზღაიძის მაგალითი და ის, რაც ხდება უზენაესი სასამართლოს ამ გუნდის მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ დადგინდება ჩანაწერის ავთენტურობა-არავთენტურობის საკითხი, მაგრამ თვითონ მოვლენების ლოგიკა ცხადყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფანდრაიზინგი 3 მილიონ დოლარზე მიმართულია მოსამართლე ალავიძისა და მოსამართლე ქათამაძის მოსასყიდად, რათა მათ გამოიტანონ გადაწყვეტილება „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ", - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.




 

big_banner
არქივი