logo_geo
შვილად აყვანის პროცესი რთულდება
- +

18 თებერვალი. 2017. 15:16



„შეიძლება ერთი და იგივე ბავშვი მრავალი პოტენციური მშვილებლისა და მშობლის დაწუნების მსხვერპლი აღმოჩნდეს და ეს არ შეიძლება", - ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში განაცხადა და შვილის აყვანის პროცედურებზე ისაუბრა, რომელიც, არსებული ინფორმაციით, რთულდება.


დიმიტრი ხუნდაძის თქმით, შშმ ბავშვების გაშვილების მიმართულებით სახელმწიფო მუშაობს და უახლოეს მომავალში მომზადდება სოციალური პაკეტი იმ ოჯახებისთვის, რომლებმაც შშმ ბავშვი იშვილეს.


„გარკვეული წახალისება და ფინანსური მხარდაჭერა უნდა იყოს, რომ მშვილებელს მეტი ინტერესი და საშუალება ჰქონდეს, აღზარდოს შშმ ბავშვი. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს სამუშაო. გარკვეული სოციალური პაკეტია შესამუშავებელი. ამ ინიციატივაზე ვმუშაობთ. შეღავათები შესაძლებელია, იყოს საგადასახადო კუთხით, კომუნალური გადასახადების მიხედვით. ასევე, შშმ პირების საჭიროების მიხედვით, ოჯახს ფინანსური დახმარების პაკეტი უნდა ჰქონდეს. ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები უნდა გავიაროთ. ფინანსური გათვლები უნდა გავაკეთოთ. ეს იქნება სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური ვალდებულებები და ამისთვის კარგი დათვლაა საჭირო", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


ხუნდაძის განცხადებით, „შვილად აყვანისა და მინდობითი აღზრდის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე განიხილეს და უმრავლესობა ცვლილებებს მხარს უჭერს.

 

„შვილად აყვანისა და მინდობითი აღზრდის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე განიხილეს. გაკეთდა განცხადებები და კონკრეტულმა კომიტეტებმა კანონთან დაკავშირებულ შენიშვნებზეც ისაუბრეს. კანონის ძირითადი არსი 25 საკითხს მოიცავს. ჩანს, რომ დეპუტატების უმრავლესობა ერთსულოვნად უჭერს მხარს ცვლილებებს. საბოლოოდ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ კანონპროექტში ისეთი ცვლილებებია შეტანილი, რომელიც არა მშვილებლის, არამედ ბავშვის ინტერესებს ემსახურება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი