logo_geo
რა ფუნქციები აქვს შრომის ინსპექციას - ლევან ჟორჟოლიანის განმარტება
- +

18 თებერვალი. 2017. 16:18



შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში შრომის ინსპექციის ძირითად ფუნქციებზე საუბრობს. როგორც ჟორჟოლიანი განმარტავს, თუ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობაში ტრეფიკინგის ნიშნებია ან დამსაქმებელი ტრეფიკიორია, დეპარტამენტი რეაქტიულ რეაგირებას ახდენს.


„შრომის ინსპექცია ამ ეტაპზე ორი მიმართულებით მუშაობს, ანუ ორი ფუნქცია აქვს. პირველი - ეს არის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ინსპექტირება, რომელიც ნებაყოფლობითია, კომპანიასთან შეთანხმებით სრულდება და გაიცემა რეკომენდაციები. მეორე - იძულებით შრომასა და შრომით ექსპლუატაციაზე საწარმოების ინსპექტირებას გულისხმობს, რაც დამსაქმებლის ნებართვას არ საჭიროებს, ანუ სავალდებულოა და ხორციელდება გეგმურად და არაგეგმურად. გეგმურად შემოწმება ნიშნავს, რომ მინისტრის ბრძანებით, იმ კომპანიების სია მტკიცდება, რომლებიც წლის განმავლობაში უნდა შემოწმდეს. არაგეგმურად შემოწმება კი შეტყობინების საფუძველზე ხდება. თუ შეტყობინება შემოვა ცხელ ხაზზე ან ნებისმიერი სხვა ფორმით, მაგალითად, მეილზე ან გავრცელდება საჯაროდ, რომ კონკრეტულ საწარმოში, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობაში ტრეფიკინგის ნიშნებია ან დამსაქმებელი ტრეფიკიორია, ჩვენ რეაქტიულ რეაგირებას ვახდენთ. შევდივართ კომპანიაში და ვამოწმებთ მას. თუ დასაქმებულთან გასაუბრების საშუალებაა, ჩვენ ვეკითხებით, რაში გამოიხატება ეს ყველაფერი, რათა ფაქტობრივი გარემოებები დავადგინოთ. ხშირად, მოქალაქეებს ერევათ ხოლმე. ზეგანაკვეთური საათების არანაზღაურება, ხელფასის დაგვიანება, ცვლებს შორის 12-საათიანი დაშორების არარსებობა - ეს ყველაფერი ტრეფიკინგი არ არის", - ამბობს ლევან ჟორჟოლიანი.

 

ჟორჟოლიანის განმარტებით, დამსაქმებლის მიერ შრომის კოდექსით გარანტირებული უფლებების შეზღუდვის კონტროლს შრომის ინსპექცია არ ახორციელებს.


„ამ ეტაპზე შრომის უფლებების ნაწილში შრომის ინსპექციას მანდატი არ აქვს. თუკი თქვენ გამუშავებენ ზეგანაკვეთურად, არ გიხდიან ანაზღაურებას, შვებულებას არ გაძლევენ ან დამსაქმებელი შრომის კოდექსით გარანტირებულ სხვა უფლებებს ზღუდავს, ამ ეტაპზე შრომის ინსპექცია არ არის ორგანო, რომელიც ამ ყველაფრის ზედამხედველობას ახორციელებს. როცა ხალხს შრომის ინსპექცია ესმის, მის ფუნქციებს არასწორად აღიქვამს. ამიტომ ჩვენ საინფორმაციო კამპანიის გაძლიერებას ვგეგმავთ", - ამბობს ჟორჟოლიანი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი