logo_geo
მეუფე პეტრე - ღმერთის თუ სატანის მსახური?
- +

3 მარტი. 2017. 02:17



მოძალადე მეუფე:


- „ჩემი შეჭირვებული ოჯახი ლუკმაპურის გარეშე დატოვა და შიმშილისთვის გაწირა",

 

- „არჩევნების პერიოდში მეუფე პეტრე ავალებდა ღვთისმსახურებს 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ხმა „ნაციონალური მოძრაობისთვის" მიეცათ, რის გამოც ბერებმა და მღვდლებმა მონასტერი დატოვეს",


- „კონკრეტული ადამიანები მეუფე პეტრეს კრიმინალურ წარსულზე მიუთითებდნენ და ამბობდნენ, რომ მეუფე პეტრეს შვილი ჰყავს ეკლესიის მსახური მანდილოსნისგან და ამ ბავშვს ზრდის მეუფე პეტრეს დედა",


- „მოსახლეობა გაოგნებული ვართ, როდემდე უნდა გაგრძელდეს მეუფე პეტრეს პარპაში, ასეთი რამ გაგონილა?!",


- „მიწის მიტაცებაში მურვან ყრუს როგორ უნდა აჯობო ადამიანმა, რომელსაც მეუფე გქვია და ღვთის სახელით ლაპარაკობ",

 

- „მეუფე პეტრეს ჯიბეში უზის მარტვილის პოლიცია",

 

- „ხალხი მშიერი კვდება და რამდენი რეზიდენცია უნდა ჰქონდეს პეტრეს?"...


ჭყონდიდის ეპარქიის წინამძღვარი მეუფე პეტრე დუმილს არღვევს და „ალიას" მრისხანებით პასუხობს.


მეუფე პეტრეს წინააღმდეგ, უამრავი ბრალდება გაისმის:


მეუფე პეტრე მფარველობს „ნაცმოძრაობის" დამნაშავე წევრებს, თითქოს მის ეპარქიას თავს აფარებდა დათა ახალაია  და  მეგის ქარდავა, რომ მან გააპარა დათა ახალაია მარტვილიდან; ადგილობრივი მოსახლეობა ედავება მას მიწების მიტაცებაში; ბევრი მომდურავი ჰყავს სასულიერო პირებში, რამდენიმე ათეულმა მღვდელ-მონაზონმა დატოვა ჭყონდიდის ეპარქია; პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები 2011 წელს პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულებაში ამხელდნენ... უფრო მძიმე ბრალდებებს აღარ ჩამოვთვლი, ჩვენ გვქონდა მცდელობა, შევხვედროდით მეუფე პეტრეს და მათგან მიგვეღო პასუხები, თუმცა იღუმენია დედა თამარმა გვიპასუხა, რომ მეუფე ცილისწამებას მდუმარებით პასუხობს... ცილისწამება ნიშნავს იმას, აბრალებდე ადამიანს იმას, რაც არ ყოფილა და თუკი რაიმე მსგავსი დავწერეთ, საყვედურს მივიღებთ, მაგრამ რა ვუყოთ იმ კონკრეტულ ბრალდებებს, რომლებსაც ჰყავს კონკრეტული ავტორები, ვისაც მეუფესთან შექმნია პრობლემები და დღეს ისინი ჩვენთან ღიად საუბრობენ.


ჩვენს კითხვებზე პასუხების ნაცვლად მეუფე პეტრემ ომი გამოგვიცხადა.


ამ გამოცხადებული ომის მიუხედავად, ერთი წუთითაც არ გვიფიქრია, ზღვარს გადაგვებიჯებინა და მისი მრისხანების მიუხედავად, ყველანაირად ვეცადეთ მასთან შეხვედრას, საუბარს და კითხვებზე პასუხის მიღებას.


ჩემსა და მეუფეს შორის შეხვედრა 11 ივნისს შემთხვევით მოხდა. რა თქმა უნდა, მასთან გასაუბრების შანსის ხელიდან გაშვება არ მინდოდა.


- დამლოცეთ მეუფე, - მივმართე... რა თქმა უნდა, დამლოცა.


- მეუფე, გაგიკვირდებათ და ნინო სამხარაძე ვარ, ჩვენ, ალბათ, უნდა დავილაპარაკოთ... ფრაზა ბოლომდე არ მქონდა დასრულებული, მეუფეს სახეზე ღიმილი შეეყინა და განრისხებულმა იყვირა:


- შენ ხარ ბოროტების მსახური, ცილისმწამებელი, შენ წერ შეკვეთილ სტატიებს, არ დაგელაპარაკები, რა მაქვს შენთან სალაპარაკო?!!!


- მეუფე, აკი თქვენზე მითხრეს, ცილისწამებას მდუმარებით ხვდებაო?!

მეუფე უფრო ხმამაღლა მკიცხავს, რის გამოც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი და ვემშვიდობები... მეუფე კი ტოვებს ჩვენი შეხვედრის ადგილს და მიდის. მეუფის ამ საქციელმა უფრო მეტი კითხვა დაბადა და გაამყარა ეჭვი, რომ მის მიმართ პრეტენზიები მართალია. რატომ არ დაინტერესდა მეუფე, რის თქმას ვაპირებდი?!


ახლა კი მკითხველისთვის მიგვინდვია, რამდენად სწორად მოიქცა მეუფე და ჰგავს თუ არა მისი საქციელი უმაღლესი რანგის სასულიერო პირის მოქმედებას.


ჩვენ კი ვაგრძელებთ ჟურნალისტურ გამოძიებას. მას შემდეგ, რაც პირველი ჟურნალისტური გამოძიება გაზეთ „ალიაში" გამოქვეყნდა, ზარები არ წყდება და უამრავი ადამიანი სხვადასხვა მიმართულებით აფიქსირებს საკუთარ გულისწყრომას და პრეტენზიას მეუფე პეტრეს მისამართით. ახლა თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ ყველაზე მნიშვნელოვან და ფაქტობრივ მტკიცებულებაზე, რომელიც ეხება მიწების მიტაცებას მეუფე პეტრეს მხრიდან. როგორც წინა საგაზეთო სტატიებში მოგახსენეთ, ყველა საჩივარს კონკრეტული ავტორი ჰყავს.


2008 წელს, როცა მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიაში გადავიდა, ყველაფერი თითქოს კარგად იყო. მრევლი მას დადებითად შეხვდა,რადგან მეუფე პეტრემ შემოწირულობებისა და ბიზნესმენების დახმარებით ეპარქიის აღორძინება დაიწყო. მარტვილში აღნიშნავენ, რომ მან ბევრი სასარგებლო რამ გააკეთა, მაგრამ, როგორც იტყვიან, მადა ჭამაში მოდისო და მეუფე პეტრესაც ასე დაემართა. პატრიარქის კურთხევით, გატყავებული მიწის ნაკვეთები უნდა გადასცემოდა ეკლესიებს, თუმცა მეუფე პეტრემ პატრიარქის კურთხევა, როგორც ჩანს, თავის სასარგებლოდ გაიგო და მან დაიწყო მარტვილის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიების სახნავ-სათესი ნაკვეთების მითვისება. ირკვევა, რომ მეუფე პეტრე უცნაურ მექანიზმს ამუშავებს მიწების ჩამოსართმევად და როგორც ხალხი ჰყვება, ამას აკეთებს ადგილობრივი ძალოვანი უწყებების დახმარებით. ხშირ შემთხვევაში ფიგურირებს მამა სპირიდონი, რომელიც თამაშობდა შუამავლის როლს, რომ იძულებით ან არასარფიანი გარიგებით ადამიანებს დაეთმოთ მიწები. ახლა ისიც გაქცეულია. გურამ გაბისონიამ მეუფე პეტრესთან ბრძოლაში სამართალს ვერ მიაღწია, დაახლოებით სამი წლის წინათ, 2013 წლის 29 აპრილს ის მიმართავს სენაკის რაიონის პროკურორს ჯალაღონიას:

 

„უმორჩილესად გთხოვთ, გამიწიოთ კანონშესაბამისი დახმარება, ვინაიდან მარტვილის რაიონში მეუფე პეტრე ღვთის სახელს ამოფარებული სხვისი ინტერესებისხარჯზე საკუთარ ავტორიტეტს იმაღლებს. კერძოდ, 2012 წლის 9 სექტემბრიდან ჩემი ეზოს მომიჯნავედ, 500 მეტრში ვფლობ 4761,00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელიც, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გატარებული მაქვს საჯარო რეესტრში (ზონა 41, სექტორი 09, კვარტალი 38, ნაკვეთი 079), მითითებულ ნაკვეთს ვფლობ 1992 წლიდან. ნაკვეთზე გავაშენე კულტურული ნარგავი, 2008 წელს დავრგე 1100 ძირი თხილი და ასევე, სხვა ნერგები.

 

საქართველოს კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. ბოლო ორი წელი გულის ავადმყოფობის გამო, მკურნალობის კურსს გავდიოდი თბილისში ჩაფიძის სახელობის კლინიკაში. ამ პერიოდში ჩემ ნაკვეთს თვალი დაადგა მეუფე პეტრემ.

 

მისი განკარგულებით, თითქოს, ეს ნაკვეთი ეკლესიის კუთვნილება ყოფილიყო, ჩემს განაშენიანებულ ნაკვეთზე მიუშვა ეკლესიის კუთვნილი საქონელი, რომელმაც მთლიანად გაავერანა ჩემი წვალებით გაშენებული თხილის პლანტაცია. ამაზეც თვალს დავხუჭავდი, მაგრამ, როცა ამ ნაკვეთის დამუშავება დავაპირე, მეუფემ მოხსნა ჭიშკარი და ეზო მთლიანად გავერანდა.

 

მეუფე პეტრე სარგებლობს მორწმუნეთა კეთილგანწყობითა და ღვთის მოშიშობით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან ქონების წართმევის პრეცედენტი დაუშვას და ამით ეკლესიას სახელი შეუბღალოს. მას ამ მიწაზე არანაირი საკუთრების დოკუმენტი არ გააჩნია. მეუფესთან დიალოგი ვცადე, მაგრამ ის მუქარაზე გადავიდა. კერძოდ, გამომიგზავნა პრივატიზაციის სამსახურის წარმომადგენელი, ბატონი ჯონი ჯღარკავა, რომელმაც გამაფრთხილა, თუ ამ ნაკვეთს არ დავთმობდი, მეუფე მიჩივლებდა და ნაკვეთს წამართმევდა. არადა, ეს პოზიცია არანაირად არ ჯდება ღვთისმსახურის კომპეტენციაში. ამ ნაკვეთის დამუშავება სოლიდური ხარჯები მიზის. ჩემთვის გაუგებარია, რა ჰქვია მეუფე პეტრეს ქმედებას. უმორჩილესად გთხოვთ, აღკვეთოთ მეუფე პეტრეს თავგასულობა და შეაჩეროთ მისი მხრიდან ჩემი საკუთრების ფლობის ხელყოფა. ასევე, მან ამინაზღაუროს მატერიალური ზიანი, რომელიც მომაყენა..."


ამავე წლის 10 ივნისს გურამ გაბისონია წერილს უგზავნის საქართველოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.


აი, რას ვკითხულობთ მის წერილში:


„საქართველოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ქალაქ მარტვილის მცხოვრებ გურამ გაბისონიას განცხადება:

 

თქვენო უწმინდესობავ, შემინდეთ კადნიერება, მონა ღვთისა და მლოცველი თქვენი წმინდა მანტილისა. ვიჩოქებ თქვენს წინაშე, გთხოვთ, შეწყალებას და თქვენს შეწუხებას ვბედავ, მაგრამ თქვენს გარდა, სხვა გზა არ დამრჩა, იმედი მაქვს, გაიღებთ მოწყალებას და დამეხმარებით საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაში. ვინაიდან შემექმნა რწმენა მასზედ, რომ უდიდესი ტრადიციების მქონე ჭყონდიდის ეპარქიაში ბევრი რამ ხდება თქვენი გვერდის ავლით, ისეთი, რაც ქართული ეკლესიის ავტორიტეტს ზიანს აყენებს და მე არ მინდა ღვთის მსახურებს, თუნდაც ერთი ჩემისთანა მომდურავი ჰყავდეთ. თქვენამდე დახმარებისთვის მივმართე სენაკის პროკურატურას, მარტვილის პოლიციას, მაგრამ  მათ, მგონი, ეკლესიის ავტორიტეტი აფერხებთ, ხოლო ჭყონდიდის ეპარქია მეუფე პეტრეს უშუალო მითითებით კუთვნილ მიწას მართმევს. დასანანი კი ის არის, რომ მეუფე პეტრე იყენებს მის მდგომარეობას და ჩემი კანონით დაცული ინტერესების ხარჯზე პირად კეთილდღეობას აგვარებს. 1992 წლიდან ვამუშავებდი ჩემს ეზოსთან ახლოს მდებარე 4761,00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელიც, 2012 წლის 9 სექტემბერს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გავატარე საჯარო რეესტრში. ნაკვეთზე გაშენებული მქონდა კულტურულიმცენარეები, კერძოდ: თხილი 1100 ძირი, კომშისა და ხურმის ნერგები. ეს მცენარეები ჩამოტანილი მქონდა ზუგდიდიდან, ნაკვეთის შემოღობვა, განაშენიანება და შემოღობვა სოლიდური თანხები დამიჯდა. მეუფე პეტრემ შემომთავაზა ამ ნაკვეთის დათმობა, რაზეც უარი განვუცხადე. ამის შემდეგ ჩემს ნაკვეთში დაიწყეს ეკლესიის კუთვნილი პირუტყვის შეშვება და მთლიანად გამინადგურეს ნარგავები. როცა სამართალდამცავებთან შევეცადე ვითარების გარკვევა, მეუფე პეტრემ სალხინოს ეკლესიის წინამძღვრის, მამა სპირიდონის მეშვეობით რეგისტრაციის სამსახურიდან გამოითხოვა მასალები ჩემი მიწის რეგისტრაციის შესახებ და მიაღწია იმას, რომ მარტვილის რეგისტრაციის სამსახურმა მეუფე პეტრეს საჩივრის საფუძველზე თავისი 2013 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით გააუქმა მიწის ჩემს სახელზე რეგისტრაცია. რეგისტრაციის გაუქმების მეორე დღესვე, ეკლესიის მესვეურებმა მოიყვანეს ტექნიკა და მიწები გადახნეს. ფაქტობრივად, მეუფე პეტრემ შეასრულა დანაქადნები და მიწის რეგისტრაცია გააუქმა, ამით ჩემი შეჭირვებული ოჯახი ლუკმაპურის გარეშე დატოვა და შიმშილისთვის გაწირა. არ მინდა ვიფიქრო, რომ თქვენ სპეციალურად არ გაწვდიან სრულ ინფორმაციას მეუფე პეტრეს შესახებ. მე კი მიმაჩნია, რომ ღვთისმსახური ღვთისმოშიში, კაცთმოყვარე, კანონმორჩილი უნდა იყოს და მას არ უნდა გაუვიდეს კანონის უპატივცემულობა, არა მარტო ჩემს მიმართ გამოვლენილ ქმედებათა გამო, არამედ მეუფე პეტრეს მიმართ არსებობს ბევრი კითხვა მარტვილის საზოგადოებაში და მას პასუხი უნდა გაეცეს. კერძოდ, 1990 წელს მარტვილის რაიონში თქვენი კურთხევით დაიდგა დიდი ლოდი წარწერით - „აქ დაიდგმება გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი", სწორედ ამ ლოდის გვერდით მეუფე პეტრეს მიერ დადგმული იქნა საქონლის სადგომი და ამით ყველაფერია ნათქვამი. არჩევნების პერიოდში მეუფე პეტრე ავალებდა ღვთისმსახურებს 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ხმა „ნაციონალური მოძრაობისთვის" მიეცათ, რის გამოც ბერებმა და მღვდლებმა მონასტერი დატოვეს. 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში მარტვილის რაიონში მიმდინარეობდა აქციები მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მამუკა დანელიასა და საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ გოროზიას გადადგომის მოთხოვნით, ხოლო მეუფე პეტრემ ისინი ხატზე დააფიცა, არ გადამდგარიყვნენ. მეუფე პეტრე დაკავებულია ბაჩო და დათა ახალაიების დაცვით და ამ მიზნით ისთურქეთშიც კი იყო ჩასული. 1- ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გარკვეული პერიოდი დათა ახალაია და მეგის ქარდავა სამეგრელოში იმყოფებოდნენ და თავს აფარებდნენ სალხინოში მეუფე პეტრესთან. ახალაიებისა და ქარდავების მთავარი დასაყრდენი იყო მეუფე პეტრე. კონკრეტული ადამიანები მეუფე პეტრეს კრიმინალურ წარსულზე მიუთითებდნენ და ამბობდნენ, რომ მეუფე პეტრეს შვილი ჰყავს ეკლესიის მსახური მანდილოსნისგან და ამ ბავშვს ზრდის მეუფე პეტრეს დედა (გაბისონია კონკრეტულ მედიასაშუალებებსმიუთითებს, სადაცამ თემებზე იწერებოდაკონკრეტულ წყაროებზე დაყრდნობით.- ნ.ს.). რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მეუფე პეტრემ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ, ხმა მისცა ანტირელიგიურ კანონს სხვა სარწმუნოებასთან ქრისტიანული მოძღვრების გაერთიანების შესახებ. გარდა ამისა, 2013 წლის 17 მაისს, მე საოცრად ამაყი ვიყავი, როცა ღვთისმსახურები ერის გვერდით დადგნენ და ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით საკუთარი სიცოცხლე სასწორზე დადეს. ეს იყო გლობალური შეტევა მართლმადიდებლობაზე და სად იყო ამ დროს მეუფე პეტრე?.. ჩემი სატკივარი გვერდზე რომ გადავდოთ, საჭყონდიდოს არ ეკადრება ეკლესიის ასეთი წინამძღვარი. თქვენო უწმინდესობავ, გთხოვთ რეაგირებას და თუ დავრწმუნდი, რომ ეს წერილი თქვენთან არ არის მოსული, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით შევეცდებით, თქვენს შეწუხებას".


ჩვენ დავუკავშირდით გურამ გაბისონიას, ის თავს შეუძლოდ გრძნობს, თუმცა შეეცადა ჩვენთან საუბარს:


- ახლახან შუნტირების ოპერაცია ჩამიტარდა. გარდაცვლილი შვილის ტრაგედია ამ მიწამ გადამატანინა, ძალიან ბევრი ვიშრომე იმისთვის, რომ მიწა გამევაკებინა და მოსავალი მომეყვანა. „ნაცმოძრაობის" პერიოდში, როდესაც მიწების სრული დამტკიცება წავიდა და ჩატარდა მიწების ხელახალი აღწერა, მიწა გადავიფორმე და თანხაც გადავიხადე. მიწის ნაკვეთი ჩემს საკუთრებაში დავარეგისტრირე (გვაჩვენებს დამადასტურებელ დოკუმენტს. - ნ.ს.). ვერასდროს წარმომედგინა, თუკი ეს მიწა სადავო გამიხდებოდა, თანაც მეუფესთან. მხოლოდ მე არ გახლავართ დაზარალებული, მეუფე პეტრემ ბევრს წაართვა მიწის ნაკვეთი, მაგრამ ერთ-ერთი ვარ, ვინც მეუფეს შევბედე და შევებრძოლე. ამ ნაკვეთს ცოცხალი თავით არ დავთმობ. წარმოიდგინეთ, ვიღაც მოვიდეს თქვენს სახლში და გითხრათ, ეს სახლი ჩემიაო და გიჩივლოთ. თქვენს საკუთრებას ხომ არ დათმობთ?!.


- მეუფე პეტრემ გიჩივლათ?

 

- დიახ, მიჩივლა, შუამავლებს მიგზავნიდა და იძულებულს მხდიდა, ნაკვეთი ეკლესიისთვის დამეთმო. ყველა მეუბნებოდა, დაუთმე, თორემ დაგწყევლისო. როცა ეს ნაბიჯი არ გადავდგი, სასამართლოდან მომივიდა უწყისი, რომ მამა სპირიდონი მეუფე პეტრეს დავალებით მიჩიოდა სასამართლოში. საბოლოოდ, არც ჩემია და არც ეკლესიის. მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურმა 2013 წლის 24 მაისს ბათილად ცნო 2012 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება ჩემი მიწის რეგისტრაციის შესახებ და მას შემდეგ ეს მიწა სადავოა.


„ალიაში" დაგვიკავშირდა მარტვილის მკვიდრი აკაკი გაბისონია, რომელმაც, ასევე, წარმოგვიდგინა მიწის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელიც ამჟამად მის მფლობელობაშია, თუმცა აქვს შიშის საფუძველი, რომ გურამ გაბისონიას მსგავსად მასაც უპირებენ მიწის ნაკვეთის წართმევას, რომელიც მარტვილის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზეა.


„ალიასთან" საუბარში იგი აცხადებს:


- ეკლესიის შიგნით რაც ხდება, ეს ჩვენი სალაპარაკო და გასარჩევი არ არის, თუმცა მეუფე პეტრემ უნდა იცოდეს, რომ ეკლესია მხოლოდ მისი არ არის და ეკუთვნის საქართველოს, მას მრევლი ჰყავს დაშინებული, აქვს ასეთი თვისება,თუ სადმე შევიდა, ირგვლივ ყველაფერი თავისი ჰგონია. ახლა ჩემს მიწის ნაკვეთზე აქვს თვალი დადგმული, გურამ გაბისონიას მიწის ნაკვეთში შევარდნენ და მიითვისეს, ხილის ნარგავები გაუნადგურეს, კაცმა ისე ინერვიულა, რომ გულის ოპერაცია დასჭირდა. მოსახლეობა გაოგნებული ვართ, როდემდე უნდა გაგრძელდეს მეუფე პეტრეს პარპაში, ასეთი რამ გაგონილა?!. გურამ გაბისონიას სახელზე რეესტრში გაფორმებული მიწის ნაკვეთი გააუქმა და წაართვა. მის მიერ წართმეული მიწები მარტვილში ოხრადაა. აგერ სალხინოში, ოთარ ჯიქიასაც წაართვა მიწა, ხალხს ჯანმრთელობა შეგვირყია. ახლაც ერთი მისგან დაზარალებული ინსულტით და ინფარქტით წევს საავადმყოფოში.ომი ოდითგანვე მიწის გამო ხდებოდა. მიწის მიტაცებაში მურვან ყრუს როგორ უნდა აჯობო ადამიანმა, რომელსაც მეუფე გქვია და ღვთის სახელით ლაპარაკობ. ახლა ჩემს გასაჭირს მოგიყვებით. ჩემი მიწა, რომლის გამოც დავაა დაწყებული, არასდროს არ ეკუთვნოდა ეკლესიას და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი ხელთ მაქვს, საიდანაც მტკიცდება, რომ ამ მიწას ოდითგანვე ამუშავებდა ჩემი წინაპარი. თუმცა ნაკვეთი მდებარეობს ეკლესიასთან ახლოს და მეუფე პეტრე უკვე გეგმავს, როგორ წამართვას ეს მიწის ნაკვეთი... 2008 წელს მიწა სახელმწიფოსგან შევისყიდე და ამის დამადასტურებელი ქვითარიც მაქვს, რომთანხა ნამდვილად გადავიხადე. წარმოგიდგენთ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ მიწის მესაკუთრე გახლავართ. მეუფემ მეზობლებთანაც დამაპირისპირა. ის ახლა მარტვილის პოლიციის საშუალებით ცდილობს ჩემი მიწის ხელში ჩაგდებას.


- აქ რა შუაშია პოლიცია, რამეს ხომ არ აჭარბებთ? თუ პრობლემებია, პროკურატურას რატომ არ მიმართეთ?


- მარტვილში პროკურატურა არ არის, სენაკის პროკურატურამ მითხრა, ამ საქმით მარტვილის პოლიციაა დაკავებულიო... სენაკის პროკურატურაში ჩემი გაჭირვების გამო მივედი და დახმარება ვთხშევხვდი პოლიციის გამომძიებელს და ვაჩვენე დოკუმენტები, რომ ეს იყო ჩემი საკუთრება და ტყუილად ეძებდნენ ბნელ ოთახში შავ კატას. მეუფე პეტრეს ჯიბეში უზის მარტვილის პოლიცია და რასაც უნდა, იმას აკეთებინებს და ისე გაერთო მიწების მითვისებაში, რომ მიუშვა, აფხაზეთამდე ჩავა...


იური სულუხია, მარტვილის მკვიდრი:


- მივმართავ დღევანდელ მთავრობას და საპატრიარქოს, მოგვაცილოს მეუფე პეტრე, ვიდრე ხალხი არ აჯანყებულა. დახმარებას ვითხოვთ, სანამ ურემი არ გადაბრუნდება და უბედურება არ დატრიალდება, მანამდე ყურადღებას არ მოგვაქცევენ?!. „ოცნება" რომ მოდიოდა ხელისუფლებაში, დაგვპირდა, სამართლიანობას აღვადგენთო. ამდენი წელია, სამართალს ვეძებ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მივაგენი. 25 წელია, წვალებითა და შრომით მოვდივარ, წინა მთავრობამ გაგვანადგურა, ახალი მთავრობის კი ვერაფერი გავიგეთ... გაქცეული ქარდავა და ახალაია აქ იმალებოდნენ, ჩვენ ვართ კრიმინალების მფარველი „პაპების" ხელში, სხვა სახელს ამათ ვერ ვუწოდებ. ხალხი მშიერი კვდება და რამდენი რეზიდენცია უნდა ჰქონდეს პეტრეს? მის რეზიდენციაში ხუთი მანქანა „მებელი" აწყვია. პეტრეს მეუფეს ვერ ვუწოდებ, მის ეპარქიაში ერთი-ორი სამღვდელო პირია, ვინც ნამდვილად კეთილსინდისიერია, მაგრამ, ძირითადად, გაუკონტროლებელი ხალხია. იმ მთავრობამ ამათ მისცა ყველაფერი და ჩვენთვის კი ყველაფერი დაკარგულია. 65 წლამდე მივედი, აწი ჩემი აღარაფერი ვარგა. გამანადგურეს კაცი, მოტყუებით დამათმობინეს მიწის ნაკვეთი. ჩემი მეზობელი იყო მამა სპირიდონი და პეტრემ მომიგზავნა, ხან დამაშინა, ხან დამემუქრა, თუ არ დათმობ, მაინც წაგართმევო. მიწა წამართვეს და ამ მომენტში უძლური ვარ, ჩემისთანა დაზარალებული აქ ძალიან ბევრია. მეუფე პეტრესგან დაზარალებულები, გურამ გაბისონიას მსგავსად, აპირებენ, ერთობლივი წერილით მიმართონ საპატრიარქოს და მოითხოვენ, შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის, რამდენად სამართლიანია მეუფე პეტრეს ქმედებები. მოსახლეობა კი თავის მხრივ, მოითხოვს, მეუფე პეტრემ დატოვოს ჭყონდიდის ეპარქია.


ამ საკითხზე „ალია" საპატრიარქოს დაუკავშირდა და მათი პოზიცია ასეთია:


- ასეთ შემთხვევაში პატრიარქის დავალებით იქმნება კომისია, რომლის თავმჯდომარედ ინიშნება აქტიური მღვდელმთავარი და მასთან ერთად რამდენიმე მღვდელმთავარი სწავლობს საკითხს, რა საჩივარიც საზოგადოების მხრიდან შემოდის. ამის შემდეგ საკითხი განსახილველად გადის სინოდის სხდომაზე. ეს არის საეკლესიო წესი. პატრიარქი ერთპიროვნულად არ მიიღებს მაღალი სასულიერო პირის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილებას. კომისიამ უნდა დადოს დასკვნა, რამდენად სამართლიანია მოსახლეობის საჩივარი.


- გაზეთში გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალას ექნება თუ არა ძალა და ჩაითვლება თუ არა არგუმენტად?


- ობიექტურობისთვის გირჩევდით, მოახერხოთ და დაუკავშირდეთ მეუფე პეტრეს და მიიღოთ პასუხები. დაგელაპარაკებათ თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია, მას უნდა ჰკითხოთ, იქნებ სხვა არგუმენტები აქვს. რაც შეეხება რეაქციას, ჯანსაღ საზოგადოებაში იმ ყველაფერზე, რასაც თქვენ წერთ, უნდა იყოს რეაქცია. თუ გადაცდომებს აქვს ადგილი, მღვდელმთავარმა არც სასულიერო პირი უნდა დაჩაგროს და არც საერო. თუ თქვენს გაზეთში მოყვანილი ფაქტები დადასტურდება, ამას აუცილებლად მოჰყვება შედეგი.


P.S. ჩვენ გავითვალისწინეთ საპატრიარქოს თხოვნა და დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად, შევეცადეთ, მოგვეპოვებინა მეუფე პეტრეს კომენტარი. თუმცა, ამ მცდელობაზე რა პასუხიც მივიღეთ, თქვენთვის უკვე ცნობილია.


ნინო სამხარაძე


გაზეთი "ალია" N 24 (752) 2016წ. 13 - 19 ივნისი


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი