logo_geo
რა კომპრომატებს დაუდებენ ელენე ხოშტარიას?
- +

4 ივნისი. 2017. 10:32


 

საარჩევნო რინგი გაიხსნა. თანაც უფრო ადრე, ვიდრე პრეზიდენტმა საარჩევნო თარიღი გამოაცხადა. პირველი, ვინც რინგზე ავიდა, მერობის ქალი კანდიდატი ელენე ხოშტარიაა. ის „ევროპულმა საქართველომ" ყრილობაზე წარადგინა.


შეიძლება ითქვას, რომ ძველმა გუნდმა ახალი სახე დაასახელა, თუმცა, ოპონენტებისთვის უკვე დღეს და კონკურენტებისთვის შესაძლოა ხვალ, ის სულაც არ არის ახალი. მის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ: „2004 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორად, შემდეგ კი - ამავე სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსად. 2004 წელს დაინიშნა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უფროსის მოადგილედ. 2004-2006 წლებში მუშაობდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსად ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში, ხოლო 2007 წლიდან ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილედ".


მას უკვე ბევრჯერ უთხრეს, რომ მაშინაც ხელისუფლების ნაწილი იყო. ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, მას არ გამოუვა ახალი და საინტერესო სახის შექმნა, რადგანაც „ევროპული საქართველოს" იმ გუნდს წარმოადგენს, რომელიც მაშინ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდა. „ნაციონალური მოძრაობა" იმ ძველმა სახეებმა დატოვეს, ვის მიმართაც ყველაზე მეტი პრეტენზია არსებობდა და ვისაც ყველაზე მეტად აკრიტიკებდნენ. შესაბამისად, მოელიან, რომ გაღიზიანება, განსაკუთრებით თბილისში, რომელიც ყოველთვის იყო „ნაციონალური მოძრაობის" სუსტი წერტილი, ახლა სწორედ ელენე ხოშტარიაზე გადავა.


ვინ იქნება მისი მოწინააღმდეგე იგივე „ნაციონალური მოძრაობიდან", ძნელი სათქმელია. როგორც კულუარებში ამბობენ, შერჩეული კანდიდატურებიდან - ნიკა მელია და გრიგოლ ვაშაძე - საარჩევნო რინგზე ასვლის სურვილი არც ერთს არ აქვს. ექსპერტების დასკვნით, მათ წაგების რეალური პერსპექტივა აშინებთ. ასე რომ, ჯერჯერობით ყველაზე გაბედულად მარათონზე საბრძოლო პოზიციები სწორედ ელენე ხოშტარიამ დაიკავა.


საინტერესოა, რომ ექსპერტები ამ არჩევნებში განსაკუთრებულ აქტიურობას არ ელიან. შესაბამისად, ლევან ალაფიშვილის განმარტებით, რაიმე ნიშნით გამორჩეული ეს მარათონი არ იქნება: „არ ველოდები კომპრომატების ომს, ხელისუფლებას ასეთი ომი არ სჭირდება - რეალური კონკურენტი არ ჰყავს, ოპოზიცია ძალიან სუსტია და კომპრომატების გამოყენებამ შესაძლოა, თავადვე დააზიანოს. რაც შეეხება ოპოზიციას, მას შესაძლოა, არ ჰქონდეს წვდომა ისეთ კომპრომატზე, რომელიც ბრძოლის შედეგებზე მათ სასარგებლოდ ითამაშებს".


ალაფიშვილის განმარტებით, ეს არჩევნები საინტერესო არ იქნება და არც რაიმე ნიშნით გამორჩეული, არ იქნება კომპრომატების ომი, თუმცა გაგრძელდება შავი პიარი.


საინტერესოა, რა შავ პიარს აუგორებენ ელენე ხოშტარიას, რა კომპრომატებს დაუდებენ მას. თუკი „ევროპულმა საქართველომ" საარჩევნო კამპანია გახსნილად გამოაცხადა, „ნაციონალურმა მოძრაობამ" შავი პიარკამპანია გახსნა. უკვე დაიწყო საუბრები, რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფს ბიძინა ივანიშვილი ლობირებს და რომ მათი ერთობლივი სურვილი მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალების ჩაძირვაა.


თუმცა, მიხეილ სააკაშვილს ადგილობრივი არჩევნები, შეიძლება ითქვას, არც აინტერესებს. როგორც კულისებში აცხადებენ, ის ამ მიმართულებით არც აქტიურობს.


ექსპერტები თანხმდებიან, რომ ხელისუფლებას ამ არჩევებში რეალურ კონკურენციას ვერავინ გაუწევს. ასე რომ, დიდ ინტერესს მერობის საარჩევნო რინგი არც იწვევს.
კახი კალაძე ყველაზე ძლიერ და საინტერესო მოთამაშედ ითვლება. საერთოდ, მან სერიოზული განაცხადი გააკეთა პოლიტიკაში. შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთელისგან ამას ნაკლებად თუ ვინმე ელოდა.


ასეა თუ ისე, ფსონების ჩამოსვლა სწორედ იმიტომ ჭირს, რომ კალაძესთან შერკინებას ყველა უფრთხის. რა მოლოდინები აქვს „ევროპულ საქართველოს", რთული სათქმელია. მით უფრო, რომ ელენე ხოშტარიამ ერთხელ უკვე წააგო თბილისი. ვაკეში მისი კანდიდატურა ნაციონალებმა საპარლამენტო არჩევნების დროს წამოაყენეს.


ყრილობაზე მისი კანდიდატურის წამოყენებამდე მას საინტერესო გამოსვლა ჰქონდა პარლამენტში, სადაც ძველი შეცდომების გამო ბოდიში მოიხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დიდი კრიტიკაც დაიმსახურა.


ელენე ხოშტარია საინტერესო ფიგურაა და კიდევ უფრო საინტერესო იქნება, რამდენად შედგება ის პოლიტიკაში. ის საკმაოდ ძლიერია, ენერგიულიც და თითქოს გავლენიანიც, რადგანაც მისი კანდიდატურა წამოაყენეს, შეიძლება ითქვას, რომ რეიტინგებშიც ლიდერობს, თუმცა, ეს ყველაფერი ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ამომრჩევლის ხმები მიიღოს. რიგ შემთხვევებში ის უხეშია ოპონენტების მიმართ. თუმცა, ვნახოთ, ბრძოლის რა მეთოდს აირჩევს ის.


სხვათა შორის, საინტერესოა, რომ ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიაზე ბევრი ისაუბრეს, თუმცა, ყრილობაზე „ევროპულმა საქართველომ" მერობის კანდიდატი კი არ აირჩია პრაიმერისის გზით, არამედ დანიშნა - კანდიდატურა კულისებში შეირჩა და ყრილობამ მას ფორმალურად კენჭი უყარა.


ასე რომ, მართალია, სპორტის სასახლე გაავსეს და სანახაობაც, პიარის თვალსაზრისით, არ გასჭირვებიათ, ევროპული პოლიტიკური წესებით თამაში მაინც უჭირთ. და ეს მხოლოდ ამ პარტიას არ ეხება.



ავტორი: ქეთი ხატიაშვილი


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი