logo_geo
გოგა ჩანადირი: როგორც ხე ვერ იარსებებს ფესვების გარეშე, ისე ვერ იარსებებს ჩვენი სახელმწიფო მშობლიური ენის გარეშე
- +

16 ივნისი. 2023. 17:16

 

 

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი „რეპორტიორთან“ ინტერვიუში ბარბარიზმების გამოყენების პრობლემას მიმოიხილავს. როგორც ის ამბობს, ადამიანები ნაკლებად კითხულობენ წიგნებს მშობლიურ ენაზე და სწორედ ამიტომ აქვთ მწირი ლექსიკა, რაც ენაში ბარბარიზმების შემოდინებას იწვევს. ჩანადირის თქმით, თუ არ მოვუფრთხილდებით მშობლიურ ენას, ეს სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს.

 

„უცხო სიტყვების გამოყენების პრობლემა ნამდვილად გვაქვს ახალ თაობაში და ამის მიზეზად ის მიმაჩნია, რომ ადამიანები მშობლიურ ენაზე წიგნებს აღარ კითხულობენ. წიგნი იყო, არის და იქნება ლექსიკური მარაგის მთავარი წყარო და წიგნის კითხვის გარეშე ამ მარაგს ვერ გაიმდიდრებ. ამას წინათ ერთი ადამიანი შემეკამათა, სიტყვა „კრეატიული“ უფრო კარგად გამოხატავს სათქმელს, ვიდრე სიტყვა „შემოქმედებითიო“. არადა, დააკვირდით, როგორი ღრმა და მრავლისმთქმელი სიტყვაა - „შემოქმედებითი“. ერთმა ნაცნობმა კი მითხრა, სიტყვა „ინსპირაცია“ სხვა რამეს ნიშნავს, „შთაგონება“ კი, სხვასო... ეს ყველაფერი იმის ნათელი მაგალითია, რომ ჩვენ ვეღარ შევიგრძნობთ ჩვენს ლიტერატურულ ფრაზებს, არადა, ეს ის სიტყვებია, რომლებიც სავსეა ემოციითა და შინაარსით და რომლებშიც ჩვენი ეროვნული კოდია ჩადებული. მაგალითისთვის, ნახეთ, რა ლამაზად და ნათლად გადმოსცემს სათქმელს სიტყვა „ჟრჟოლვა“, თუმცა, სამწუხაროდ, ამ სიტყვას ქართველები საუბრისას, სულ უფრო და უფრო ნაკლებად ვიყენებთ. მინდა, ახალგაზრდებს გავაგებინოთ, რომ მშობლიური ენა, ეს ერის ფესვებია და როგორც ხე ვერ იარსებებს ფესვების გარეშე, ისე ვერ იარსებებს ჩვენი სახელმწიფო, მშობლიური ენის გარეშე. სამწუხაროდ, ქართველებმა აკადემიური განათლების მიღებაზე უარი ვთქვით, რაც ადრე თუ გვიან, მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ენა მხოლოდ ენათმეცნიერის დასაცავი არაა, ისე როგორც, ეზოს დასუფთავება არაა მხოლოდ მეეზოვის პასუხისმგებლობა“, - აცხადებს გოგა ჩანადირი.

 

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=209885

 

 

big_banner
არქივი