logo_geo
მარინა მაჭავარიანი ზურაბ ანჯაფარიძის სახელოვნებო სკოლის გადასარჩენად, პრემიერ-მინისტრს დახმარების თხოვნით მიმართავს
- +

19 ივნისი. 2023. 13:35

 

 

ლეგენდარული ქართველი მომღერლის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სახელოვნებო სკოლა იხურება. როგორც მისი მეუღლე მარინა მაჭავარიანი „რეპორტიორთან“ საუბარში აცხადებს, ეს პრობლემა სკოლას ბანკთან არსებული დავალიანების გამო შეექმნა. ზურაბ ანჯაფარიძის ქვრივმა დახმარების თხოვნით უკვე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.

 

„2019 წელს ერთ-ერთი ბანკიდან ავიღე სესხი და ზურიკოს უკანასკნელი სურვილის ასრულება გადავწყვიტე. მათ დამიმტკიცეს სესხი და კოსტავას 63 ნომერში შევიძინე 147 კვადრატული მეტრი ფართობი, სადაც გავხსენით ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სახელოვნებო სკოლა. ეს სკოლა საფუძვლად უნდა დადებოდა საბავშვო ოპერის შექმნას, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ ექნებოდა! წელიწადზე ცოტა მეტს ხანს ვიხდიდი კრედიტს დაუგვიანებლად, თუმცა, სამწუხაროდ, მოგვისწრო პანდემიამ, რამაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა. კოვიდის გამო შემოღებულმა რეგულაციებმა, მოგეხსენებათ, მსოფლიოში შეაჩერა ყველაფერი და გამონაკლისი არც ჩვენი სკოლა იყო. ცოტა ხნის წინათ დამიკავშირდნენ ბანკიდან და შემატყობინეს, რომ გადაუხდელობის გამო, ბინა მათ საკუთრებაში უნდა გადავიდეს. შარშან შევიტანე განცხადება პრემიერ-მინისტრის სახელზე და წერილი იქიდან თავად გადააგზავნეს კულტურის სამინისტროში. კულტურის სამინისტროდან ამ დრომდე არავინ გამოგვხმაურებია. დარწმუნებული ვარ, ამის მიზეზი ისაა, რომ ქალბატონ თეა წულუკიანამდე წერილმა შეიძლება ვერც მიაღწია, თორემ ზურიკო ანჯაფარიძის მასშტაბის მომღერლის სახელობის სკოლას ქალბატონი თეა უყურადღებოდ არ დატოვებდა“, - აცხადებს ზურაბ ანჯაფარიძის ქვრივი „რეპორტიორთან“ ინტერვიუში.

 

მარინა მაჭავარიანის თქმით, მას სჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ზურაბ ანჯაფარიძის ხსოვნას უგულოდ არ მოეკიდებიან და  სკოლის გადარჩენაში დაეხმარებიან, რადგან მისი თქმით, დახმარებას ზურიკო ანჯაფარიძე კი არა, მის მიერ დაწყებული საქვეყნო საქმე ითხოვს, რომელსაც დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ხელოვნების ამ ულამაზესი მიმართულების განვითარებაში“.    

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ: https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=209991&fbclid=IwAR021kAKvtAxxHM8mwplH582MHlu8KMbOeRBXjnKcfT2eAV0ZRA9AehYQuk

 

big_banner
არქივი