logo_geo
ნონა გაფრინდაშვილი: საქართველოს სპორტული ტრადიციები არ მომკვდარა!
- +

24 ივნისი. 2023. 10:45

 

 

მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდის, ნონა გაფრინდაშვილის თქმით, ქართული სპორტი აღორძინების გზაზეა, რაზეც ქართველი სპორტსმენების მიღწევებიც მეტყველებს. როგორც ნონა გაფრინდაშვილი „რეპორტიორთან“ ინტერვიუში აცხადებს, ჭადრაკში არაჩვეულებრივი თაობა მოდის და იმედი აქვს, მალე მსოფლიოს ისევ ქართველი ჩემპიონი ეყოლება.

 

„ქართველი მოჭადრაკეები იგებენ ოქროს, ვერცხლსა თუ ბრინჯაოს. ჩვენნაირი გუნდით ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყავს მსოფლიო ჩემპიონი და იმედს არ ვკარგავ, რომ დადგება დღე, როცა ჩვენი ქვეყანა იზეიმებს მსოფლიო ჩემპიონობას. მე ჭადრაკის, ფეხბურთის და ზოგადად სპორტის დიდი გულშემატკივარი ვარ. აი, ხვიჩა კვარაცხელია ჩვენი ქვეყნის სიამაყეა და ის, რაც ამ ახალგაზრდა ბიჭმა შეძლო, უბრალოდ წარმოუდგენელია. ადამიანები, რომლებსაც მიტოვებული ჰქონდათ ფეხბურთის ყურება და სტადიონზე სიარული, დააბრუნა სტადიონებზე და მიაჯაჭვა ტელევიზორებს. ამ ახალგაზრდა ბიჭმა, პირველივე წელს მიაღწია ყველაფერს, რის მოღწევაზეც შეიძლება სპორტსმენმა იოცნებოს. პირველივე წელს ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად და იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად რომ დაგასახელებენ, ამაზე მეტის მიღწევა უბრალოდ შეუძლებელია.  ვფიქრობ, ხვიჩა კვარაცხელია კიდევ უფრო მაღალ მწვერვალებს დაიპყრობს და მისი მიღწევებით დავტკბებით ჩვენ, სრულიად საქართველო და დატკბება მთელი მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროც... თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ ხვიჩას გარდა, ქართველებს კიდევ გვყავს ძალიან საინტერესო ფეხბურთელები და, იმედია, ნაკრების დონეზე, მალე მათი წარმატებების მომსწრენიც გავხდებით“, - აცხადებს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი.

 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, საქართველოს სპორტულ ცხოვრებაში უზარმაზარი წარმატებები აქვს და შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანას ფანტასტიური შედეგებიც აქვს.

 

„ჩვენი სპორტული ტრადიციები არ მომკვდარა და ქვეყანა, რომელსაც უნიკალური სპორტსმენები ჰყავდა, ჰყავს და ეყოლება კიდეც მომავალში!“ - აცხადებს „რეპორტიორთან“ საუბარში ნონა გაფრინდაშვილი.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=210390

 

big_banner
არქივი