logo_geo
ბაჩო ოდიშარია: პროტესტის მონაწილეებთან კონსენსუსი მიღწეულია
- +

26 ივნისი. 2023. 10:31

 

 

კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრის კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბაჩო ოდიშარია კულტურის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად, იმ ადამიანებს შეხვდა, რომლებიც აღნიშნულ თანამდებობაზე მის დანიშვნას აპროტესტებენ. ოდიშარიას თქმით, ისინი დაახლოებით 50 ადამიანს შეხვდნენ, მათ შორის რეჟისორებს ნანა ჯორჯაძესა და  ნანა ჯანელიძეს.

 

„ეს ორი ქალბატონი გამორჩეულად იყვნენ აღშფოთებულნი კინოცენტრის რეორგანიზაციის თემით და ამტკიცებდნენ, კინოცენტრში საგანგაშო მდგომარეობა შეიქმნაო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალბატონები შეხვედრაზე შემოსვლამდე საკუთარ აღშფოთებას ვერ მალავდნენ, უკვე შეხვედრაზე, ძალიან მშვიდად შემოვიდნენ და აღარანაირი მღელვარება აღარ ეტყობოდათ. მათ კითხვებიც კი არ დაუსვამთ არც მინისტრისთვის და არც ჩემთვის, სწორედ ამიტომ, მე თავად ვკითხე ამ ორ ადამიანს, რა გახდა მათი განგაშის საფუძველი და რაში ხედავდნენ ცენზურის საფრთხეს? მათ არათუ კითხვები არ დაუსვამთ, ჩემს შეკითხვაზეც კი ვერ გამცეს პასუხი, იმიტომ რომ, მათ ამ შეკითხვაზე პასუხი არ ჰქონდათ. საბოლოო ჯამში, ორივე მხარე შევთანხმდით, რომ კინოცენტრის რეორგანიზაცია აუცილებელია“, - აცხადებს ოდიშარია „რეპორტიორთან“ საუბარში.

 

მისივე თქმით, შეხვედრის მონაწილენი მინისტრ წულუკიანს ყველაფერში დაეთანხმნენ და საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ კონსენსუსი იმ საკითხში მიღწეულია, რომ რეფორმა აუცილებელია. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფები და ამ ჯგუფებში შევლენ ის ადამიანებიც, რომლებიც არიან პროტესტის ავანგარდში.

 

„უბრალოდ, მათ უნდა გამოგზავნონ ისეთი ხალხი, ვისაც შეუძლიათ დიალოგის ფორმატში მუშაობა, რადგან ყვირილის, ხელების ბრახუნისა და ლანძღვის ფორმატში, საქმე უბრალოდ არ გაკეთდება!“ - აცხადებს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრის კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=210480

 

 

big_banner
არქივი