logo_geo
ლაშა ჟვანია: ენას ძვალი არ აქვს, რამდენიც უნდათ ილაპარაკონ, არ ვაქცევთ ამას ყურადღებას
- +

14 ოქტომბერი. 2023. 10:27

 

 

„ენას ძვალი არ აქვს, რამდენიც უნდათ ილაპარაკონ, საერთოდ არ ვაქცევთ ამას ყურადღებას“, - ასე ეხმაურება ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია საელჩოს გამართულად მუშაობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში გამოთქმულ პრეტენზიებს. მისი თქმით, ვერცერთი ქვეყნის საელჩომ ვერ მოახერხა საქართველოსავით სწრაფ დროში დაენიშნა ავიარეისები.

 

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვერცერთი ქვეყნის საელჩომ ვერ მოახერხა ჩვენსავით სწრაფ დროში დაენიშნა რეისები. „ჯორჯიან ეარვეისისგან“ ახლაც ველოდები დამატებითი რეისის დანიშვნას და შეგვიძლია ქრონომეტრაჟი ჩავრთოთ, თუ რამდენ ხანში მიიღებს საქართველოს საელჩო ტრანსპორტის სამინისტროსგან ფრენის განხორციელების ნებართვას და იგივე ქრონომეტრაჟი ჩავურთოთ სხვა ქვეყნების საელჩოებსაც. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს უამრავი მომართვა დასაბრუნებელ საბუთთან დაკავშირებით და მას ჩვენ დაახლოებით 20-25 წუთში გავცემთ. ეს არის დროებითი საბუთი, რომლითაც ადამიანს მგზავრობა შეუძლია, ისიც გაითვალისწინეთ, რომ ძალიან ბევრი მოქალაქე აბსოლუტურად უსაბუთოა. ჩვენ უნდა განვახორციელოთ მათი იდენტიფიკაცია, უნდა დავრწმუნდეთ რომ მათი მონაცემები უტყუარია, რათა ამ ადამიანებს ფრენის საშუალება მიეცეთ. ამ ყველაფერს ხომ დრო სჭირდება? იდენტიფიცირება, მუშაობა, ამობეჭდვა... დანარჩენზე რა გითხრათ აბა, ენას ძვალი არ აქვს, რამდენიც უნდათ ილაპარაკონ, საერთოდ არ ვაქცევთ ამას ყურადღებას“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

 

რაც შეეხება შენიშვნებს ცხელ ხაზთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას, ასევე პრეტენზიებს იმასთან დაკავშირებით, რომ საელჩოსთან დაკავშირებას მხოლოდ ისრაელში ლეგალურად მყოფი ადამიანები ახერხებდნენ და პრობლემები აქვთ არალეგალებს, ელჩის თქმით, საქართველოს სახელმწიფოსთვის არ არსებობს ლეგალურად და არალეგალურად მყოფი მოქალაქეები, საქართველოს მოქალაქე არის საქართველოს მოქალაქე.

 

„როგორ წარმოგიდგენიათ, თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში, სადაც ხელმისაწვდომია ნებისმიერი მობილური აპლიკაცია, თუკი რეკავ და არავინ პასუხობს ტელეფონს (რადგან ყველა თანამშრომელი დაკავებულია), ხომ რჩება სმს-ის გამოგზავნის საშუალება?! მიადევნეთ თვალი ჩემს ერთ-ერთ პოსტს სოცქსელში, სადაც გვწერს ერთ-ერთი მოქალაქე, არ მპასუხობთო. ჩვენ ვწერთ,  დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები და თავად დაგირეკავთ-თქო, გვპასუხობს - არ მინდა, მადლობა! ასეთ ადამიანებს თუ დიდ დროს დავუთმობთ, ნაკლები დრო დაგვრჩება დანარჩენი 20 000 ადამიანისთვის. ჩვენ ზუსტად ვიცით, რას და როგორ ვაკეთებთ, ერთი წუთითაც არ ვჩერდებით და 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ“, - აცხადებს ისრაელში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი „რეპორტიორთან“ ინტერვიუში.

 

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=216340

 

 

big_banner
არქივი