logo_geo
მამუკა კარტოზია: თუ საქართველო არ გაითვალისწინებს მსოფლიოში არსებულ ახალ რეალობას, ჩვენ უბრალოდ წავილეკებით!
- +

30 ოქტომბერი. 2023. 16:39

 

 

„3+3“ ფორმატში უშუალო მონაწილეობა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო“, - აცხადებს ანალიტიკოსი მამუკა კარტოზია თეირანში მიმდინარე შეხვედრის შესახებ, რომელსაც თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანისა და რუსეთის საგარეო უწყების პირველი პირები დაესწრნენ, საქართველომ კი, მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. კარტოზიას თქმით, ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, როცა მსოფლიოში რევოლუციური ცვლილებები ხდება, იმის მაგივრად, რომ საქართველოს ამ ახალ მსოფლიო კონტექსტში ეპოვა თავისი ადგილი, თავი თამაშგარე მდგომარეობაში დაიტოვა.

 

„პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ, რა ფორმატია ეს და რა შესაძლებლობას აძლევდა მასში მონაწილეობა ჩვენს ქვეყანას. „3+3“ ფორმატში მონაწილე სახელმწიფოები ევროპისა და აზიის ქვეყნების ერთმანეთთან დამაკავშირებელ გარკვეულ ჰაბს წარმოადგენენ, ამიტომ, ამ შეხვედრაში უშუალო მონაწილეობა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ახლა ისეთ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გვიწევს ცხოვრება, როცა მსოფლიოში რევოლუციური ცვლილებები ხდება და არსებული რეალობა ყოველწუთიერად იცვლება. ჩვენ კი, იმის მაგივრად, რომ ამ ახალ მსოფლიო კონტექსტში ჩვენი ადგილი ვიპოვოთ, თავს თამაშგარე მდგომარეობაში ვიტოვებთ. თუ საქართველო არ შეისწავლის და გაითვალისწინებს მსოფლიოში არსებულ ახალ რეალობას, დამიჯერეთ, ჩვენ უბრალოდ წავილეკებით! მიუხედავად იმისა, თუ რა ზეწოლასაც განიცდის საქართველოს ხელისუფლება და რა წნეხის ქვეშაც უწევს მოღვაწეობა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ირანთან და რუსეთთან ერთ ფორმატში საუბრის შესაძლებლობაზე უარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეთქვა. აღსანიშნავია, რომ „3+3“ ფორმატში მონაწილეობა ამ ვიწრო წრეში ჩაკეტვას და დანარჩენ სამყაროსთან კავშირის გაწყვეტას სულაც არ ნიშნავდა, შეხვედრაში მონაწილეობის სანაცვლოდ არც ჩვენს მიერ არჩეული საგარეო კურსიდან გადახვევას და დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივაზე უარის თქმას გვთხოვდა ვინმე. ბოლოს და ბოლოს, აღნიშნული ფორმატის პროტაგონისტი ხომ NATO-ს წევრი თურქეთია და ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია, ჩვენ რა გვიშლიდა ხელს, დავლაპარაკებოდით უშუალო მეზობლებს, მათ შორის იმპერიული წარსულის მქონე უზარმაზარ სახელმწიფოებს და მათთან საერთო ინტერესები და ახალი გადაკვეთის წერტილები გვეპოვა!“ - აცხადებს „რეპორტიორთან“ საუბარში ანალიტიკოსი.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=217600

 

 

big_banner
არქივი